კორონავირუსი და ეკონომიკა

კრიზისთან გასამკლავებლად გერმანიის მთავრობა დამატებით €156 მილიარდიან ვალს იღებს

გერმანიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები - ოლაფ შოლცი, პეტერ ალტმაიერი

ორშაბათს, 23 მარტს გერმანიის მთავრობის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ კორონავირუსით მიყენებული ზიანის შესარბილებლად სახელმწიფო ვალი 2020 წელს 156 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

გერმანიის მთავრობის ახალი ზომები მოიცავს მოიჯარეებისთვის ხარჯების შემცირებას, სოციალური დახმარების მიღების გამარტივებასა და საავადმყოფოების დაფინანსების გაზრდას.

ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი, რომელზეც მთავრობა შეჯერდა, გერმანიის ისტორიაში უპრეცედენტოა. ის მოიცავს ეკონომიკის სტაბილიზების ფონდს, რომელიც 600 მილიარდი ევროსგან შედგება. აქედან 400 მილიარდი საკრედიტო გარანტიები იქნება და კომპანიები შეძლებენ, კრიტიკულ ვითარებაში კაპიტალზე ჰქონდეთ წვდომა. 100 მილიარდი ევრო იმისთვის იქნება განკუთვნილი, რომ სახელმწიფომ პირდაპირ შეძლოს კომპანიებში ფულის ჩადება, დანარჩენი 100 მილიარდი კი სესხებისთვის იქნება გამოყოფილი.

გამქირავებლებს გარკვეული დროით უფლება არ ექნებათ მოიჯარეებს ქირა შეუწყვიტონ, თუ ისინი კორონავირუსის გამო ვერ იხდიან გადასახადს.

მთავრობა ხელს შეუწყობს იმასაც, რომ უმუშევრები არ დარჩნენ ისინი, ვინც მცირე ხნიან სამუშაოს ასრულებენ.

მცირე ფირმები და თვითდასაქმებულები მომდევნო სამი თვის მანძილზე 15 ათას ევრომდე ოდენობის პირდაპირ გადარიცხვებს მიიღებენ. ამისათვის ცალკე იქნება გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო.

საავადმყოფოების მხარდაჭერა 3 მილიარდ ევროს მიაღწევს.

ამ გადაწყვეტილებით, გერმანიის მთავრობა ცნობილ "შავი ნულის" პოლიტიკაზე ამბობს უარს, რაც ბიუჯეტის დეფიციტისგან თავის არიდებას გულისხმობდა. 2014 წლის შემდეგ, გერმანიის ბიუჯეტში ახალი ვალი გათვალისწინებული არ ყოფილა.

მთავრობის სხდომას ანგელა მერკელი სახლიდან გაუძღვა - კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან კონტაქტის შემდეგ, გერმანიის კანცლერი სახლის პირობებში კარანტინში იმყოფება.

კომენტარები