კორონავირუსი საქართველოში

სასულიერო პირებმა კორონავირუსისგან დასაცავად მარნეულის ქუჩები აკურთხეს

მთავარი არხი

მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ქუჩებს ნაკურთხი წყალი ასხურეს. კადრებს მარნეულიდან მთავარი არხი ავრცელებს. 

კადრებში ჩანს, რომ სასულიერო პირები ე.წ პიკაპით გადაადგილდებიან, რომელიც ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის. 

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 54 შემთხვევიდან ერთერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

23 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ მარნეულში გამოვლენილი ვირუსის მატარებელი პირის "პრაქტიკულად ყველა კონტაქტი" დადგენილია და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. როგორც იმნაძე განმარტავს, საუბარია 90-ზე მეტ ადამიანზე, აქედან 3 პირი უკვე გამოკვლეულია და მათი პასუხები უარყოფითია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების გამოკვლევა.

22 მარტს, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ მარნეულის პაციენტის 86 კონტაქტია გამოვლენილია და მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ასევე გუშინ, მთავრობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ დადგენილია 90 საკონტაქტო პირი, თუმცა "ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, სიტუაცია საკმაოდ რთულია".

პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები