კარანტინი მარნეულში

შსს: მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო, ზონას დრონებით გააკონტროლებენ

საველე ჰოსპიტალი მარნეულში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საველე ჰოსპიტლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.

"ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან," - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით გააკონტროლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 67 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

კომენტარები