ახალი კორონავირუსი

ექიმის წერილი ნიუ-იორკიდან: მე გადავურჩი ებოლას. თუმცა, მეშინია Covid-19-ის

0 კომენტარი

ექიმმა ნიუ-იორკიდან, კრეიგ სპენსერმა, წერილი დაწერა, სადაც ის Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ სამუშაო დღეს აღწერს.

კრეიგ სპენსერი ებოლას ეპიდემიის დროს აფრიკაში იყო, სადაც ის ეპიდემიოლოგად მუშაობდა და პაციენტების მკურნალობის დროს თავად დაინფიცირდა ვირუსით. ინფიცირებიდან რამდენიმე თვეში ექიმი ებოლასგან განიკურნა.

წაიკითხეთ კრეიგ სპენსერის წერილი სრულად:

"დილის 7-ის ნახევარზე გაღვიძება. პრიორიტეტი მთელი დღისთვის საკმარისი ყავის გაკეთებაა, რადგან საავადმყოფოსთან კაფე დაკეტილია. Starbucks-იც დაკეტილია. ფეხით მივდივარ, კვირა დღეს ჰგავს. გარეთ არავინაა. შესაძლოა, ყინულივით ცივად იწვიმოს. შეიძლება, ადრეა. მიუხედავად ამისა, ეს კარგია.

შედიხარ შენს დილის 8-საათიან ცვლაზე: გაკვირვებული, თუ როგორ სწრაფად შეიცვალა ქუჩების ადრეული სიწყნარე. რეანიმაციის მანათობელი და კაშკაშა ნათებები ყველას დამცავ სათვალეში ირეკლება. ხველის კაკაფონიაა. შენ ჩერდები. ინიღბები. შედიხარ.

წინა გუნდისგან ბოლო მონაცემებს იღებ, თუმცა თითქმის ყველა პაციენტი იგივეა, ახალგაზრდა და ასაკოვანი: ხველა, გაჭირვებით სუნთქვა, სიცხე. პერსონალი ძალიან ღელავს ერთ პაციენტზე - ძალიან უჭირს სუნთქვა, ჩვენ მაქსიმალური რაოდენობის ჟანგბადს ვაძლევთ, თუმცა მაინც სწრაფად სუნთქავს.

შენ სასწრაფოდ იწყებ ამ პაციენტის შეფასებას. ცალსახაა, რა არის ეს და რისი გაკეთებაა საჭირო. შენ გრძელი და გულწრფელი დისკუსია გაქვს პაციენტთან და მის ოჯახთან - ტელეფონით. ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანო, სანამ ყველაფერი უფრო გაუარესდება. შენ ამისთვის მზადებას იწყებ, როდესაც გატყობინებენ, რომ სხვა, ძალიან დასნეულებული პაციენტი შემოიყვანეს.

შენ ჩქარობ. ისიც ძალიან ცუდად არის, გული ერევა. მასაც სჭირდება მართვით სუნთქვაზე შეერთება. ისინი ოთახებში შეგყავს. ორი პაციენტი, ერთმანეთის გვერდით ოთახებში, ორივე მართვით სუნთქვაზე - ჯერ დილის 10 საათიც კი არ არის.

შენი ცვლის დანარჩენი 12 საათის განმავლობაში, თითქმის ყოველ საათში, შენ იღებ მდგომარეობების შესახებ შეტყობინებებს: ძალიან ავადმყოფი პაციენტი, უჭირს სუნთქვა, სიცხე. 88% ჟანგბადი. დაბალი წნევა, სუნთქვის გაძნელება. ცოტა ჟანგბადი, ვერ სუნთქავს, სიცხე. მთელი დღე...

ხანდახან შუადღისას ხვდები, რომ წყალი საერთოდ არ დაგილევია. გეშინია პირბადის მოხსნის. ეს ერთადერთი რამ არის, რაც გიცავს. ცხადია, შენ შეგიძლია გაძლო ცოტაც - ებოლას დროს დასავლეთ აფრიკაში, შენ გაძელი საათების განმავლობაში დახუთულ კოსტიუმში წყლის გარეშე. კიდევ ერთი პაციენტი...

შუადღის მიწურულს უკვე გჭირდება, რომ ჭამო. რესტორანი ქუჩის გადაღმა დაკეტილია. ყველაფერი დაკეტილია. საბედნიეროდ, საავამდყოფოს კაფეტერიაა ღია. შენ იღებ რამეს, ხელებს ორჯერ იბან, ფრთხილად იხსნი პირბადეს და ისე სწრაფად ჭამ, როგორც შეგიძლია. მიდიხარ უკან. ინიღბები. შედიხარ.

თითქმის ყველა, ვინც დღეს ნახე იგივე ადამიანია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა დაინფიცირებულია. გვაცვია სამუშაო ხალათები, გვიკეთია დამცავი სათვალეები და პირბადეები. მთელი დღე. ეს ერთადერთი გზაა, რომ უსაფრთხოდ იყო. სად წავიდა ყველა პაციენტი, რომელსაც გულისა და ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა? ყველა Covid-19-ია.

როდესაც შენი ცვლა სრულდება, მონაცემებს შემდეგ გუნდს აბარებ. ყველა Covid-19-ია. გასულ კვირას ჩვენ ვისწავლეთ სიმპტომები - სუნთქვის გართულება, ლიმფოციტების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მომატებული ცილის ფრაგმენტები, რომელიც D-dimer-ით არის ცნობილი. შენ ცვლი მესიჯებს შენ ექიმ მეგობრებთან მთელი ქალაქის მასშტაბით - დამცავი ეკიპირების გარეშე. საავამდყოფოებს სასუნთქი აპარატები უთავდებათ.

სანამ გამოხვალ, ყველაფერ წმენდ. შენს ტელეფონს, შენს საფულეს, შენს ყავის ჭიქას, ყველაფერს. ყველაფერი ჩანთაშია. თუმცა, კვლავ არ ხარ დარწმუნებული რომ ყველაფერი ქენი. თავიდან წმენდ.

გამოდიხარ და პირბადეს იხსნი. გგონია, რომ შიშველი და დაუცველი ხარ. წვიმს, მაგრამ შენ სახლში ფეხით წასვლა გინდა. უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მეტრო ან ავტობუსი, თან სტრესიდან გამოსვლა გჭირდება. ქუჩები ცარიელია. არაფერი არ ასახავს იმ რეალობას, რაც შიგნით ხდება. იქნებ ხალხმა არ იცის?

სახლში მიხვედი. დერეფანშივე გაიხადე (არაუშავს, შენმა მეზობლებმა იციან შენი საქმიანობის შესახებ). ყველაფერი ჩანთაშია. ცოლი ცდილობს ჩვილი მოგარიდოს, მაგრამ რამდენიმე დღეა არ უნახავხარ, ამიტომ ეს ძალიან ძნელია. შხაპში შევარდი. ყველაფერი ჩამოირეცხე. არასდროს ყოფილხარ უფრო ბედნიერი.

საავადმყოფოები მარაგების ამოწურვასთან ახლოს არიან. სასუნთქი აპარატები გვითავდება. სასწრაფოს სირენები არ ჩერდება. ყველა, ვისაც დღეს ვხედავთ, ერთი ან უფრო მეტი კვირის წინ დაინფიცირდა. ეჭვგარეშეა, რომ რიცხვები დღეს ღამით ძალიან მაღლა ავა, ისევე, როგორც გასულ ღამეებში. უფრო მეტი მოვა რეანიმაციაში. უფრო მეტი მდგომარეობის შეტყობინება იქნება. უფრო მეტს დაჭირდება სასუნთქი აპარატი.

ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ ვირუსის შეჩერება. თუმცა, შეგვიძლია შევანელოთ გავრცელება. ვირუსი ვერ დააინფიცირებს ისეთ ადამიანს, რომელსაც არ შეხვედრია. დარჩით სახლში. სოციალური დისტანცია ერთადერთი რამ არის, რაც დაგვიცავს. მე არ ვღელავ იმდენს ეკონიმიკურ შედეგზე, რამდენსაც ჩვენს შესაძლებლობებზე, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები.

შესაძლოა მოგისმენიათ იმ ხალხისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის ნამდვილი. ეს ნამდვილია. შესაძლოა მოგისმენიათ იმ ხალხისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის ცუდი. ეს ცუდია. შეიტანე წვლილი. დარჩი სახლში. და ყოველ დღე მე ვიმუშავებ შენთვის".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები