კორონავირუსი საქართველოში

მეუფე გრიგოლი: მრევლის ყველა წევრი ვალდებულია, დაემორჩილოს საგანგებო შეზღუდვებს

0 კომენტარი
მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი ფოტო: facebook.com/grigol.berbichashvili

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, სადაც მორწმუნეებს მოუწოდებს, არ გამოსცადონ ღმერთი და მეტი ადგილი დაუთმონ საღ აზრს. 

როგორც მიტროპოლიტი წერს, დღეს არსებული საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს მაღალ სულიერ წესრიგსა და დაფიქრებას იმაზე, თუ რამდენად აისახება ქრისტიანული ღირებულებები მორწმუნეთა ქმედებებში ერთმანეთთა, საზოგადოებასთან და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობისას. 

"ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა," - წერს მეუფე გრიგოლი წერილში. 

მიტროპოლიტის თქმით, მას უჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიერო პირთაგან მიიჩნევდეს, რომ თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა და განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს. 

"მე ვკითხულობ, რა უფრო სათნოა ღვთისთვის - დასნებოვნება და იძულებით კარანტინში ყოფნა, და შესაძლოა მსხვერპლიც კი, თუ თავის თავის შეზღუდვა (თვითშეზღუდვა) თანამოძმეთა და თანამოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საჯანმრთელოდ?! ესაც ხომ ევქარისტიის, ქრისტესთან თანაზიარების ერთგვარი გამოვლინებაა რადგან მას საფუძვლად უდევს საკუთარი თანამოძმის, მეორე ადამიანის სიყვარული ქრისტეში?!" - წერს მიტროპოლიტი. 

ის თავის მრევლს მოუწოდებს, "განერიდონ მავნე თვითდაჯერებულობას", რათა მაღალი ქრისტიანული შეგნებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დაეხმარონ ერთმანეთს იმ პირობების შექმნასა და აღსრულებაში, რაც ქრისტიანული პასუხისმგებლობითაა ნაკარნახევი და არა - ქრისტეს მიმართ ღალატით. 

მიტროპოლიტი წერილში წერს, რომ 20 მარტის წმიდა სინოდის დადგენილებით მიმდინარე მოვლენები შეფასდა და მრევლს მიეცა რეკომენდაციები, რისი შესრულებაც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულოა, თუმცა მისივე თქმით, მდგომარეობა ყოველდღე იცვლება და, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიები საქართველოსა და უცხოეთში ადგილობრივ გარემოებათა მიხედვით მოქმედებენ და მრევლისთვის ქცევის დროებით წესებს ადგენენ. 

აქედან გამომდინარე, მიტროპოლიტმა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევსლ შემდეგი რეკომენდაციებით მიმართა: 

  1. მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს; მათ შორის:
    - განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, მოერიდოს ზედმეტად სახლიდან გასვლას;
    - ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცვას ე.წ. სოციალური დისტანცია მათ შორის ეკლესიაში ყოფნისას (ტაძარში და ტაძრის ეზოში).
  2. ტაძრად მისული მრევლი ლოცვას მოისმენს ტაძრის ეზოში, სადაც არის გახმოვანება; კარგი ამინდის შემთხვევაში, შესაძლოა (სადაც ამის საშუალება იქნება), ღია ცის ქვეშ ჩატარდეს მსახურება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მცირე ზომის ეკლესიებია და სივრცე ძნელად ნიავდება.
  3. საღმრთო ლიტურგიისას ტაძარში იქნებიან სასულიერო პირები, მგალობლები, იპოდიაკვნები (ე.წ. სტიქაროსნები), ტაძრის მსახურნი და შშმ პირები;
  4. ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევთ დარჩნენ სახლებში, ხატის წინ დაანთონ კანდელი (სანთელი) და ტაძარში მიმდინარე საღმრთო ლიტურგიის თანადროულად (პარალელურად) აღავლინონ ლოცვები თავის საცხოვრებელ გარემოში.
  5. მოხუცებს, ავადმყოფებს, უძლურებაში მყოფთ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მოძღვარი მოიწვიონ სახლში.
  6. სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, რეალურ დროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უშუალოდ მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები

"როცა ადამიანთა ხორციელ სნეულებებსა და მათ დაძლევაზე ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ეგების, არცკი შეიძლება მედიცინისა და ღვთისმეტყველების, მკურნალობისა და ღვთისმსახურების დაპირისპირება, ანუ მათი კონფრონტაციულ რეჟიმში განხილვა და წარმოჩენა. თქმა იმისა, რომ "რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო", ან კიდევ, "მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი", არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი.

ამასვე ადასტურებს ძველი აღთქმაც: უფალმა შექმნა მკურნალიცა და წამალიც და მისცა მათ ძალა კურნებისა. გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ... („სიბრძნე ზირაქისა“, თავი 38, 1-4).

მკურნალნი არიან ასევე ახალი აღთქმის წმიდანთა შორისაც, რომელნიც არა მხოლოდ სულიერი, არამედ სხეულებრივი წყლულებისა და უძლურებისგან გაკურნებაში ეხმარებოდნენ და დღესაც ეხმარებიან ადამიანებს. გავიხსენოთ, წმიდა სერაფიმ საროველი, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა მორწმუნეთ, რომ სათანადოდ დაეფასებინათ მკურნალის ხელოვნება, რადგან მას სწადია სნეულთა გამოჯანმრთელება!" - წერია წერილში. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები