ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით აშშ-მა ჩინეთს გაუსწრო

Vox

აშშ-ში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 81 896-მდე გაიზარდა, რითიც ქვეყანამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ამ დროისთვის 81 285 შემთხვევაა. 

აშშ-ში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 1 174 ადამიანი გარდაიცვალა, 1 864 კი - გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის ცენტრად ნიუ-იორკი მიიჩნევა. 

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს იტალია 80 589 შემთხვევით, მეოთხეს კი - ესპანეთი, 56 197 შემთხვევით. 

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, ხალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა და 3.3 მილიონს მიაღწია.

სამი კვირის წინ უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები 200 ათასს არ აჭარბებდა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებული იყო.

ამჟამინდელი მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალია ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში 1967 წლის შემდეგ, საიდანაც შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა დაიწყო. აქამდე ერთ ცალკეულ კვირაში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობას 700 ათასისთვის არ გადაუჭარბებია.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ში 47 000-ზე მეტი ქსელური მაღაზია დაიხურა, მათ შორის 90-ზე მეტი ეროვნული მასშტაბის ქსელი. გარდა ამისა, დაიხურა მცირე მაღაზიებიც, რომლებიც ამ სტატისტიკაში აღრიცხული არაა.

24 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ აშშ, შესაძლოა, გლობალური კრიზისის შემდგომი ეპიცენტრი გამხდარიყო.

კომენტარები