კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში

გომელაური: მარნეულსა და ბოლნისში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო ზონაში, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. გომალურმა ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ და მკაცრ კონტროლს განაგრძობენ. პოლიციელები მოსახლეობას საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს ინტენსიურად აცნობენ. გარდა ამისა, გრძელდება ძირითად გზებზე საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე კონტროლი," - თქვა შს მინისტრმა.

23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა და გაირკვა, რომ 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 13 პირი გამოჯანმრთელდა. 4505 ადამიანი კარანტინშია.

კომენტარები