კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებისგან უკვე 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან უკვე 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ეზუგბაიას თქმით, მე-16 გამოჯანმრთელებულს განმეორებითი ტესტი 28 მარტის დილას ჩაუტარდა და ტესტმა კვლავ უარყოფითი აჩვენა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პაციენტი გამოჯანმრთელდა, მას ჯერჯერობით საავადმყოფო არ დაუტოვებია. 

"სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს კლინიკაში და ერთი - საჩხერეში,"- თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაის თქმითვე, დღეს საღამოს სინჯს კიდევ 7 პაციენტს აუღებენ. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც აქტიურია - 69. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 534 ადამიანი. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმში არიან. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 

კომენტარები