რუსეთი

მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა

30 მარტიდან რუსეთის დედაქალაქში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა დღეს მიიღო. 

ახალი რეჟიმის შესაბამისად, სახლიდან გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. სახლიდან გამოსვლა ნებადართული იქნება სამედიცინო დახმარების მიღების, სასურსათო შესყიდვებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. 

ასევე, სახლის დატოვება შესაძლებელი იქნება შინაური ცხოველების გასასეირნებლად და ნაგვის გადასაყრელად. ამასთანავე, სახლის დატოვება მხოლოდ სპეციალური საშვის ქონის შემთხვევაში იქნება ნებადართული. 

ამავდროულად, ჯერჯერობით არ ჩაკეტილა მიმოსვლა დედაქალაქთან. რუსეთის ხელისუფლებამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება გუშინ, 28 მარტს მიიღო. მანამდე ვლადიმერ პუტინმა, კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე კვირა უქმედ გამოაცხადა. 

რუსეთში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 1534 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8.

კომენტარები