რუსეთი

თვითიზოლაციის რეჟიმის დასაცავად მოსკოვში "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" დანერგვას გეგმავენ

სერგეი სობიანინი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 29 მარტს გამოაცხადა, რომ მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ შემდეგი მიზეზების გამო შეუძლია: სამედიცინო დახმარების მიღება, სამსახურში წასვლა, უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა, შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაგვის გადაყრა. ახალი შეზღუდვები ძალაში 30 მარტიდან შედის.

Meduza წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს და ასევე იმიტომ, რომ ადგილობრივების უმეტესობამ პრეზიდენტ პუტინის მიერ უქმე კვირის გამოცხადება დასვენების შესაძლებლობად აღიქვა.

გარდა ამისა, სობიანინი ამბობს, რომ დამატებითი ზომების შემოღება იგეგმება, მათ შორის "კონტროლის ჭკვიანი სისტემა", რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ, თუმცა სისტემა სულ მცირე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში მზად არ იქნება.

Meduza-ს წყაროს მიხედვით მოსკოვის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მერიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი. სისტემა მათ QR კოდს მიანიჭებს, რაც სახლის დატოვების უფლებას განუსაზღვრავს. პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად მოქალაქეები ვალდებული იქნებიან სწორედ ეს კოდი წარმოადგინონ.

ახალი შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვისაც სპეციალური საშვები იქნებათ, რომლებსაც საჭიროების მიხედვით მერია გასცემს. Meduza-ს წყაროს მიხედვით მსგავსი საშვები ექიმებზე გაიცემა.

ჯერ-ჯერობით უცნობია იმ ჯარიმების ოდენობა, რაც შეზღუდვების დარღვევაზე დაწესდება. ამჟამინდელი კანონით ჯარიმა 500 რუბლია ($6.35). განიხილება მისი 300,000 რუბლამდე ($3,800) გაზრდა კერძო პირებისთვის, ორგანიზაციებისათვის კი 1 მილიონ რუბლამდე ($12,700).

მოსკოვის მერმა ასევე გამოაცხადა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო მოსკოვის მაცხოვრებლები დახმარებას მიიღებენ. მისი თქმით ისინი, ვინც სამსახური დაკარგა თვეში 19,500 რუბლს ($250) მიიღებენ.

პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა რუსეთის რეგიონების გუბერნატორებს მოუწოდა გაატარონ იგივე ზომები, რაც მოსკოვში შემოიღეს.

ამ დროისათვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1,534 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 8, გამოჯანმრთელდა 64 ადამიანი.

კომენტარები