კარანტინი

კარანტინი და კომენდანტის საათი - დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, როგორც პრემიერმა თქვა ცხადდება "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი". 

31 მარტის დილის 10:00-დან იკრძალება:

სამ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, ჩერდება მეტროს და ავტობუსების მუშაობა.

06:00საათიდან 21:00 საათამდე მოქალაქეებს მხოლოდ ქვეითად ან მსუბუქი ავტომობილით შეეძლებათ გადაადგილება, მათ შორის ტაქსით. მანქანაში არ უნდა იჯდეს სამზე მეტი ადამიანი, ნებადართული მხოლოდ მძღოლი და უკან ორი ადამიანი. 

აკრძალულია 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისა. მათ შეუძლიათ მხოლოდ უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში წასვლა.

21 აპრილამდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი - 21:00-დან დილის 06:00-მდე იკრძალება  ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ, მაგალითად ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ 

კომენდატის საათის დროს იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული - აქამდე აკრძალული იყო საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებები. მარნეული და ბოლნისი ერთი კვირაა, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კარანტინში არის 5 ათასზე მეტი ადამიანი. 

კომენტარები