ბელარუსში Covid-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ალექსანდრე ლუკაშენკო
Reuters

ბელარუსში Covid-19-ით გამოწვეული გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ახალი კორონავირუსით ბელარუსის დამსახურებული არტისტი, მსახიობი ვიქტორ დუშკევიჩი გარდაიცვალა. 

ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია ალექსანდრ ლუკაშენკომაც დაადასტურა. "დუშკევიჩის ცოლი ჯანმრთელია, შვილიც ჯანმრთელია, რადგან ძლიერი იმუნიტეტი აქვს, სამწუხაროდ თვითონ ვერ გადაიტანა, საავადმყოფოში უკვე მძიმე პნევმონიით მიიყვანეს", — განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.  

წინა კვირებში ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ Covid-19-ის პანდემიას ბელარუსისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მას უფრო სეზონური დაავადებების მომრავლება აწუხებს. ბელარუსმა უარი თქვა მკაცრი ზომების მიღებაზე და საზღვრების ჩაკეტვაზეც.

საკითხის კომენტირებისას ლუკაშენკომ თქვა, რომ დაავადებისგან ჩაკეტვა შეუძლებელია და მასთან ბრძოლა პროფესიონალურად და წერტილოვნად უნდა განხორციელდეს. 

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 მარტის მონაცემებით, ახალი კოროანავირუსზე ეჭვით საავადმყოფოში 144 პაციენტი გადაიყვანეს. დაკვირვების ქვეშ რჩება 105 მოქალაქე. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ბელარუსში ამ დრომდე დაავადების 152 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

კომენტარები