კომენდანტის საათი

შსს: მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ ე.წ. კომენდანტის საათის შესახებ, ღამემ მშვიდად ჩაიარა

შსს

გუშინ, 21:00 საათზე საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაწესებულ შეზღუდვებს აკონტროლებდნენ.

"მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, თელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

საქართველოში კორონავრიუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 21 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები