მთავრობა ახალ ალგორითმზე შეთანხმდა - ვის შეამოწმებენ Covid 19-ზე

მთავრობა ახალი კორონავირუსის ტესტირების ახალ ალგორითმზე შეთანხმდა. ეს ნიშნავს, რომ ამირეიდან კორონავირუსის ანალიზს არა მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტებს ან ინფიცირებულის სავრაუდო კონტაქტებს გაუკეთებენ, არამედ სხვა პირებსაც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს, ვისაც ტესტირება უნდა ჩაუტარდეს, ასევე ტესტირების მეთოდებს..

"რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტად კვლავ რჩება PCR (ლაბორატორიული) ტესტირება, მაგრამ ასევე, მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი, ეს ეხება როგორც ანტიგენზე (ნერწყვზე), ისე ანტისხეულებზე (სისხლით) დამყარებულ სწრაფ ტესტებს", - თქვა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Covid 19-ზე შემოწმდებიან:

  • სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას - აქვთ მოგზაურობის ისტორია და გამოხატული აქვთ კორონავირუსის კლინიკური სიმპტომები და ნიშნები.
  • პირები, რომლებსაც არ ჰქონიათ მოგზაურობის ისტორია. მაგრამ ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. გვაქვს მზაობა, რომ ცხელების კლინიკებში გამოყოფილი იქნება სპეციალური ზონა ცხელების მქონე პაციენტებისთვის მართვისთვის, ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვით, მოხდება მისი შეფასება კორონავირუსზე და უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით პაციენტის მართვა.
  • პირები, რომლებიც ითვლებიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებად: კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში; ასევე, ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები.

თამარ გაბუნიასვე თქმით, საქართველოში 1-ლი აპრილის მდგომარეობით 4 000 ერთეული ანტისხეულზე დამყარებული ტესტია, ასევე, 2 000 ერთეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც გამოყენებისთვის ანალიზატორი სჭირდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო უმოკლეს ვადაში კიდევ 2 000 ერთეულ სწრაფ ტესტს მიიღებს, რომლის გამოყენებაც ანალიზატორის გარეშე, მარტივად იქნება შესაძლებელი.

"გარდა ამისა, თითოეული კლინიკისთვის გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომლებიც, გარდა ლუგარისა, გააკეთებენ საკონტროლო ტესტირებას, რადგან ჩვენ, პირველ ეტაპზე მაინც, მოგვიწევს ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამოყენება და დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით.

ასევე, იგეგმება ე.წ ცხელების კლინიკებიდან 2 ადამიანის დატრენინგება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ეს ადამიანები იქნებიან დატრენინგებულები ნაცხის აღების ტექტნიკაში, რათა გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში კლინიკები ადგილზე შეძლებენ ცხელებით შემოსული პაციენტების შემოწმებას", - ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლს ახალ კორონავირუსზე გაეცანით აქ.

კომენტარები