კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ინფექციონისტები ფიქრობენ გამოჯანმრთელებული პირის პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მეთოდი ცნობილია და ქართველი ინფექციონისტები ამაზე უკვე ფიქრობენ.

იმნაძეს თქმით, ამ მეთოდის გამოყენებას ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი სჭირდება.

"გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს ჩვენ სხვა დაავადებებთანაც ვიყენებთ. ბოლოს გამოვიყენეთ ე.წ. ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია და ამაზე ჩვენი ინფექციონისტი კოლეგები ფიქრობენ უკვე," - თქვა იმნაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 23 პირი გამოჯანმრთელდა.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები