კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: კომპანიები, რომლებიც დადგენილ წესებს შეასრულებენ, საქმიანობას გააგრძელებენ

ტაბულა

"ონლაინ გაყიდვების ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს", — ამ შინაარსის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

საკითხი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე მთავრობის წევრებმა უკვე განიხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერატიულ შტაბთან კოორდინაციით შესაბამისი სამინისტროები უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც დადგენილ წესებს დაექვემდებარებიან და შექმნიან უსაფრთხო პირობებს დასაქმებულთა და მომხმარებელთათვის. პრესსამსახურის ცნობით, წესების დაკმაყოფილების შემდეგ კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიეცემათ.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ 30 მარტს მიღებული დადგენილებით, 31 მარტიდან საქართველოში, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა შეწყდა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ 31 მარტს განცხადებები ტექნიკის მაღაზიათა მსხვილმა ქსელებმა გაავრცელეს. ვაჭრობა შეწყვიტა მცირე და საშუალო ბიზნესსმაც. 

უკვე პირველ აპრილს, მთავრობის დადგენილებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა ახალი წესების მიხედვით, დასაშვები გახდა სურსათისა და ფარმაცევტული ნაწარმის ონლაინ გაყიდვა. ამის გარდა დასაშვები გახდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დისტანციურად ხორციელდება და სამუშაოს შესასრულებლად ოფისში არ იმყოფება ხუთზე მეტი ადამიანი. 

ცვლილების შემდეგ, მუშაობა ნაწილობრივ განაახლეს ტექნიკის მაღაზიათა ქსელებმა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადებები ოფიციალური გვერდებიდან აიღეს. 

მოგვიანებით, საგანგებო მდგომარეობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე განმარტებები გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრი ამბობს, რომ არასასურსათო პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, პრაქტიკულად, აკრძალულია. თურნავას თქმით, აკრძალვა მხოლოდ ფარმაცევტულ ნაწარმს და სასურსათო გაყიდვებს არ ეხება.

ეკონომიკის მინისტრის ცნობით, მიმდინარეობს იმ საკითხზე მუშაობა, თუ როგორი მოდელით და ფორმატით იქნეს შეთავაზებული ამ ბიზნესისთვის მუშაობის გადაწყობა. 

"ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე და ვინც ჩართულია ამ ბიზნესში“, - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები