აგრესიული ტესტირება

რატომ არის ვირუსთან საბრძოლველად რაც შეიძლება მეტ ადამიანზე ტესტირების ჩატარება აუცილებელი?

სწრაფი ტესტების ე.წ. სატელეფონო ჯიხურები, სამხრეთ კორეა.
SCMP

"ტესტირება, ტესტირება, ტესტირება," - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ახალი კორონავირუსი, რომელიც თავდაპირველად ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ბოლოს გავრცლედა, უკვე გლობალური პანდემიაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად ცდილობს მასთან გამკლავებას, თუმცა, ერთი რამ ცხადი ხდება - იმისთვის, რომ სიბნელეში არ ვიაროთ, ახალი კორონავირუსის რაც შეიძლება სწრაფად დასამარცხებლად სასიცოცხლოდ საჭიროა, რომ ქვეყნებმა მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყონ.

ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება?

ჯანმო-ს დირექტორმა ახალი კორონავირუსის გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნებს მოუწოდა, რომ ტესტირება ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაზე ჩაეტარებინათ და დადებითი პასუხის აღმოჩენის შემთვევაში, მათი იზოლაცია მოეხდინათ, ასევე ეპოვათ მათი კონტაქტები, შემდეგ კი მათზე ჩაეტარებინათ ტესტი:

საეჭვო შემთხვევა შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი ან ვირუსის სიმპტომები აღენიშნება. ვირუსის სიმპტომები მრავალგვარია. ჯანმო-ს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სიცხე, დაღლილობა და მშრალი ხველა. ზოგ პაციენტს აქვს ტკივილები, ცხვირის შეშუპება, სურდო, ყელის ტკივილია ან დიარეა. ეს სიმპტომები არამწვავეა და ხშირ შემთხვევაში, ნელ-ნელა ვითარდება.

ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, დაავადებულმა ძალიან მსუბუქად გადაიტანოს ან შეიძლება დაავადება საერთოდ ასიმპტომურადაც მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევებშიც კი, დაინფიცირებული გადამდებია და გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

რატომ არის აუცილებელი მასობრივი ტესტირების ჩატარება?

1. დაავადებულების რიცხვის გასაგებად

მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ტესტირების ჩატარებით გავიგებთ დაავადებულების რეალურ რიცხვს. მათი მდგომარეობის მიხედვით კი, ექიმები შეაფასებენ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვის სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პანდემიის ფონზე საავადმყოფოებში ყველასთვის სამკურნალო ადგილი, შეიძლება, არ იყოს. ამ მიდგომით, რაც შეიძლება, მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

ოფიციალური პირები სწორედ ტესტირებით გაიგებენ, თუ სად მიმართონ არსებული რესურსები, მაგალითად, სავენტილაციო სისტემები, რაც ბაზარზე დეფიციტშია. ვირუსით მწვავედ დაავადების შემთვევაში სავენტილაციო სისტემები აუცილებელია, რადგან ვირუსის დროს ფილტვები იმდენად არის დაზიანებული, რომ გაძნელებული სუნთქვის გამო, შესაძლოა, საჭირო გახდეს პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

"ეს გამოკვლევაა. ჩვენ ვერ დავიწყებთ ეპიდემიის კონტროლს მანამ, სანამ არ ვიცით სად ვართ და რამდენი შემთხვევა გვაქვს," - განაცხადა იეილის უნივერსიტეტის მიკრობოლოგიური დაავადების ეპიდემილოგმა გრეგ გონსალვესმა. ასევე, როგორც მეცნიერი ამბობს, მოსახლეობის რიცხვით ვერასდროს ივარაუდებენ, სად შეიძლება დაავადების უფრო მწვავედ გავრცელება.

2. ტესტირებით ვიგებთ დროს და საავადმყოფოებში რესურსს ვზოგავთ

ავტომობილიდან გადაუსვლელად ტესტირების სარგებელი

მასობრივი ტესტირებების ჩატარება სახელმწიფოს ისე შეუძლია, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს და თან რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოკლე დროში ჩაუტარონ ტესტირება. ერთერთი ყველაზე ჭკვიანური გამოსავალია ავტომობილიდან გადაუსვლელად კორონავირუსის ტესტის ჩატარება. ტესტირების მსგავს ხერხს იყენებენ სამხრეთ კორეაში, აშშ-ში. მაგალითად, ამგვარად სამხრეთ კორეაში დღეში 15 000-მდე ტესტს ატარებენ.

მაგალითისთვის, აშშ-ს სტენფორდის ჰოსპიტალის ტესტირება შემდეგნაირად ხდება - ადამინს, ვინც ეჭვობს რომ კორონავირუსი აქვს, ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ რეგისტრაცია ონლაინ შეუძლია. ექიმთან მისულ პირს ავტომობილის ფანჯრიდან უზომავენ სიცხეს, პულსს, სუნთქვის სიხშირეს, წნევას და ცხვირიდან ნაცხს უღებენ. ტესტირება დაახლოებით 10 წუთს გრძელდება. ავტომობილებიდან გადაუსვლელად ტესტირების პასუხები 24 საათშია ცნობილი მობილურით ან სტენფორდის ჯანმრთელობის აპლიკაციით.

ამ ხერხით ასევე თავიდან ვირიდებთ სხვა ჯანმრთელი ადამიანების დაავადების რისკს დაავადებული ადამიანისგან. საავადმყოფოს მოსაცდელში ამის რისკი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

მათ, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ აქვს, შეუძლია, ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს დანიშნულების ადგილას და იქვე არსებულ კარვებში ჩაიტაროს ტესტი.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიის დროს სტენფორდის ჰოსპიტალს ქვეყანაში პირველს ჰქონდა ტესტების ჩატარების მსგავსი მეთოდი. "ჩვენ ვისწავლეთ, რომ უბრალოდ ვერ მოვიცდით, რომ რაღაცეეები მოხდეს - წინ უნდა გავიხედოთ და ვიწინასწარმეტყველოთ, რა შეიძლება მოხდეს," - განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა ივონე მალდონადომ.

ტესტირება სატელეფონო ჯიხურებში?

სწრაფი ტესტირებისთვის კიდევ ერთერთ ძალიან ეფექტურ ხერხს სამხრეთ კორეაში იყენებენ. ეს არის კარვებში მოთავსებული რამდენიმე "სატელეფონო ჯიხური", სადაც ექიმსა და პირს შორის, რომელსაც კორონავირუსის ტესტის გაკეთება სურს, შუშის ბარიერია აღმართული. ექიმი ამ ბარიერს მიღმა ისე აკეთებს ტესტს, რომ პირს თითქმის არც ეხება და ყოველ ჯერზე აღჭურვილობის ცვლა არ უწევს. მთელი პროცედურა დაახლოებით 7 წუთს გრძელდება. მას შემდეგ, რაც ვიზიტორი ჯიხურს დატოვებს, მას ანიავებენ და სრულ დეზინფექციას უტარებენ.

3. ტესტირებით სოციალური დისტანცია მეტად ეფექტური ხდება

სოციალური დისტანციის აუცილებლობის ახნის ერთერთი საუკეთესო გზაა, მთავრობამ ხალხს აჩვენოს, მოსახლეობაში დაავადების რეალური მასშტაბი. მართალია, ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილი დაიხურა, თუმცა, გარკვეული დაწესებულებები აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე ფუნქციონირებს. ბუნებრივია, მოსახლეობა სრულ იზოლაციაში ვერ იქნება. თუ, მაგალითად, ვირუსი რომელიმე ქალაქში ან დასახლებაში უფრო მეტადაა გავრცელებული, შესაძლოა მისი ჩაკეტვის აუცილებლობა დადგეს, ამის გაგება კი ტესტირებითაა შესაძლებელი.

მეორე, სოციალური დისტანცია სამუდამოდ ვერ გაგრძელდება - მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საქმიანობას აჩერებს, ბიზნესები ჩერდება, ეკონომიკა ზარალდება. მთელი ეს დრო მთავრობის ვალდებულებაა, ზედმიწევნით აღწეროს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რაც მხოლოდ აგრესიული ტესტირებებით არის შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, ვირუსის საწინააღმდეგო დადასტურებული ვაქცინის შექმნას სულ მცირე, 12 თვიდან 18 თვემდე ვარაუდობენ. მანამ, სანამ ვაქცინა არაა, სოციალური დისტანცია ვირუსის წინააღმდეგ საზოგადოებრივი იმუნიტეტის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას ხელს უშლის.

მაგალითად, სამხრეთ კორეის მაგალითმა აჩვენა, რომ ვირუსის შეკავება შესაძლებელია სამი უმთავრესი ზომის მიღებით - სოციალური დისტანციით, აგრესიული ტესტირებებით, დადებითი შემთხვევის იზოლაციითა და მისი კავშირების მოძებნით. მსგავსი მიდგომითაა შესაძლებელი ერთიანად ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილება და იმუნიტეტის გამომუშავება მანამ, სანამ წამალი არ არის. აგრესიული ტესტირებებით სამხრეთ კორეის წარმატების მაგალითს უკვე გერმანია იღებს.

იელის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა გონსალვესმა და აიოვას უნივერსიტეტის მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ელი პერენცევიჩმა განაცხადეს, რომ მაშინ, როდესაც ადამიანები გამოვლენ გარეთ, მოსალოდნელია დაავადების გავრცელების მეორე ტალღა. თუ რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა, ამის გაგება შეუძლებელი იქნება, თუ პირველი ეტაპის რეალური ვითარების შესახებ არაფერი ვიცოდით. მათი თქმით, სოციალური დისტანცია სწორედ დროის მოგებაა, რომ დაავადება ნელა გავრცელდეს და თუ ასეთ დროსაც კი რეალურ რიცხვებს ვერ გავიგებთ, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგამს ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევძლებთ.

სწორედ ამიტომ აუცილებელი, მთვარობამ თვალი გაუსწოროს რეალურ ციფრებს და შესაბამისად იმოქმედოს. 

ეპიდემიოლოგი გონსალვესი ასევე ამბობს, რომ მაგალითად აშშ-ში დაავადების შეკავების ფაზაში ერთი თვის განმავლობაში იყვნენ. ახლა დაავადებულების რიცხვის ზრდას მთავრობა ვერ გააკონტროლებს, თუმცა დაღუპულთა რიცხვის შემცირება კიდევ შესაძლებელია.

4. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია

მსოფლიომ მომავალში მსგავსი პანდემია თავიდან უნდა აიცილოს. ამისთვის კი სულ მცირე გვჭირდება ინფორმაცია - რომელ ქვეყანაში, როგორ გავრცელდა და რა იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

კენტის უნივერსტიტეტის ეპიდემიოლოგი ტარა სმიტი აცხადებს, რომ აუცილებელია ინფორმაცია, რათა ვირუსის გენომები ნახონ - ვინ ვის გადასცა, ვინ გაავრცელა ვირუსი ახალ ადგილებში - "ყველა ამ ინფორმაციას ტესტირებით ვიღებთ". ტესტის გაკეთებასთან ერთად, საჭიროა პირზე საბაზისო ინფორმაციის მოგროვება - ასაკი, მოქალაქეობა, მისი ადგილმდებარეობა.

მისი თქმით, ამ ხერხით ასევე ნათლად დავინახავთ, მთავრობების მიერ მიღებული ესა თუ ის შემაკავებელი ზომა მომავალში მსგავს ეპიდემიას შველის, თუ არა.

ტესტების ტიპები

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ახალი კორონავირის ინფექციის დასადგენად ძირითადად ორი ტიპის ტესტებია გავრცელებული - მოლეკულური და სეროლოგიური კვლევა.

მოლეკულური ტესტი ავლენს ვირუსის გენეტიკურ მასალას - გამოიყენება პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია (PCR), რა დროსაც ვირუსის გენომის ნაწილი მილიონობით ნაწილად მრავლდება და შესაძლებელი ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა. ვირუსს SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას Covid-19-ს, გენეტიკურ მასალად რნმ აქვს. PCR ტესტი, როგორც წესი, ლაბორატორიაში ტარდება, სადაც სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო. ამ ტიპის ტესტს უკეთებენ მათ, ვისზეც ეჭვობენ, რომ Covid-19 აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პირი SARS-Cov-2 ვირუსითაა დაინფიცირებული. აღსანიშნავია, რომ უკვე ვირუსგადატანილი ადამიანი ამ ტესტით ვერ გაიგებს - ვირუსი ჰქონდა თუ არა. ეს ტესტები განსხვავდება და პასუხების გაგება რამდნიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეა შესაძლებელი.

სეროლოგიური კვლევა შეიძლება იყოს ანტისხეულების აღმომჩენი ან ანტიგენების აღმომჩენი, სწრაფი ტესტები:

ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებს ნახულობს. ამ ტიპის ტესტირების დროს გამოიყენება ფერმენტშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ე.წ. ELISA, მასალაში მოლეკულები ანტისხეულს ან ანტიგენს უკავშირდება და წარმოიქმნება აღქმადი სიგნალი. ამგვარი ტიპის ტესტი შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში ან ლაბორატორიის გარეთ (Point of Care), დამოკიდებულია ტესტის ტიპზე. ეს ტესტი გამოიყენება ზოგადი ინფექციის და მოსახლეობის იმუნური სტატუსის შესაფასებლად. ანტისხეულებზე ტესტი აჩვენებს ორ რამეს, ვის აქვს გადატანილი - ოღონდ, ამას 2 კვირის შემდეგ აჩვენებს და ვის აქვს მწვავე პროცესის დროს, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 7 დღეში. მიმდინარე ინფექციის აღმოსაჩენად ტესტის გამოყენება შესაძლოა სკრინინგულად (დაავადების საწყის ფაზაში ტესტი შესაძლოა არ იყოს სანდო).

რაც შეეხება ანტიგენების აღმომჩენ ტესტს - ეს ტესტი ავლენს ვირუსის პროტეინს (ანტიგენს). ანტიგენის ტესტში იგივე ტექნიკა გამოიყენება რაც ანტისხეულების ტესტში. ანტისხეულების ტესტის მსგავსად, ანტიგენების ტესტიც შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში ან მის გარეთ. ტესტს უკეთებენ მათ, ვისზეც ეჭვობენ რომ Covid-19 აქვთ ან სკრინინგულად მათ გამოსავლენად ვინც შემდეგ კვლევებს საჭიროებენ (დამოკიდებულია ტესტის ტიპზე). დადებითი შედეგის შემთხვევაში მიმდინარე ინფექცია ან შესაძლო ინფექცია დასტურდება (გააჩნია რა ტიპის ტესტია).

სწრაფ ტესტირებას აზრი აქვს მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობის ხალხი სწრაფად იტესტება და გამოვლენის შემთხვევაში, იზოლირება და მას აკონტროლებენ.

რაში შეიძლება გამოგვადგეს ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება?

ანტისხეულების ტესტებით ვიგებთ, ვის აქვს გადატანილი ვირუსი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულს ახალი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს და მას ხელახლა დაინფიცირებისგან იცავს. ამ ადამიანებს გარეთ გასვლა სხვებზე მეტად შეეძლებათ და ერთგვარი ბუფერები იქნებიან სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი არ შეხვედრია.

აქვე, ასევე აღსანიშნავია, რომ უცნობია რამდენ ხალხს გრძელდება ეს იმუნიტეტი ასევე ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაავადება გადატანილი ადამიანი მეორეჯერ არ დაინფიცირდება, თუმცა ვირუსგადატანილი ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ მეტად გამძლეა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, რაც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა წლების და არა კვირებისა და თვეების შემდეგ. ჯერჯერობით, უცნობია ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახლა დაავადების დრო, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ.

მანამ, სანამ ვაქცინა არ არსებობს კვლავ ვუბრუნდებით ზემოხსენებულ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, იმ ადგილებში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმომჩენი ტესტის ჩატარება, რათა გავიგოთ დაინფიცირების მაჩვენებელი და ვივარაუდოთ, ახალი ვირუსი წინააღმდეგ საზოგადოებას როდის გამომუშავდება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ან მისი გამომუშავების რა ეტაპზე ვართ.

აგრესიული ტესტირებისთვის მთავრობამ უნდა გაწეროს, თუ რა დაჯდება ეს, შესაბამისად აღჭურვოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულება. ეს შესაძლოა ძალიან დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ მანამ, სანამ არ ვიცით მისი ალტერნატივის ფასი, ეს საუკეთესო ვარიანტია.

კომენტარები