აშშ

მარტში, აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა

გასულ თვეში, აშშ-ში უმუშევარ მოქალაქეთა რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ სამსახურის მძებნელთა რაოდენობის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 

21-დან 28 მარტამდე უმუშევრობის სახელმწიფო კომპენსაციაზე განაცხადი 6,6 მილიონმა ამერიკელმა შეავსო. ერთი კვირით ადრე, 14-დან 21 მარტამდე კომპენსაცია 3,4 მილიონმა მოქალაქემ მოითხოვა. 

21-დან 28 მარტამდე დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა 88%-ით გადააჭარბა წინა კვირის მაჩვენებელს რაც ახალი რეკორდია. თავის მხრივ მხრივ რეკორდული იყო მარტის მესამე კვირის მონაცემებიც. 

შედარებისთვის მანამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1982 წელს დაფიქსირდა, მაშინ ერთ კვირაში უმუშევრობის კომპენსაცია 695 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა. ამგვარად, მარტის განმავლობაში სამსახურის გარეშე დარჩენილ ამერიკელთა რიცხვმა 10 მილიონი შეადგინა, რაც უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. 

არსებული მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება Wall Street Journal-ის პროგნოზს. გამოცემის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ უმუშევრობის კომპენსაციას ამ პერიოდში 3,1 მილიონი მოქალაქე მოითხოვდა. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აშშ-ში მკაცრი ზომების გატარება მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო. შეწყდა ავიამიმოსვლა ევროკავშირდან, მსხვილ ქალაქებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაზე. 

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლის მოცულობაც 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს სტიმულირების პაკეტის მოცულობა 800 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები