კორონავირუსი და ეკლესია

ლოცვები 4-დან 8 საათამდე, ხატების გაწმენდა - საპატრიარქოს რეკომენდაციები სასულიერო პირებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ ტაძრების წინამძღვრები სმს შეტყობინების სახით შემდეგ მითითებებს მიიღებენ:

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

  • პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
  • შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).
  • გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები".

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამოქმედებულია კომენდანტის საათი და 21:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ეკლესიამ არ აკრძალა მოქალაქეთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ მრევლის დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამართლმადიდებლოს უმცირესობაშია. 

3 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი. როგორც ეზუგბაიამ თქვა, ისინი საქართველოს მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირების 9 მიმღებ კლინიკაში არიან გადანაწილებულები.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281;

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა. .

კომენტარები