ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარიამ ჯანდაცვის უწყებას მომდევნო 2 დღეში ჰოსპიტალური სექტორის მზაობის შემოწმება დაავალა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აშკარაა, რომ კორონავირუსის გამო სიტუაცია უფრო და უფრო მძიმე ხდება, ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება, მომდევნო 2 დღეში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობა შეამოწმოს.

დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც პირველ ცხელ ხაზს ვეძახით, ვირუსთან ბრძოლის მზაობა რომ მოგვახსენოთ დღეს დეტალებში.

აქ მარტივია, ჩვენ სოფლის ექიმები გყავს დაახლოებით 1200 ადამიანი და ოჯახის ექიმები დაახლოებით 2000 ადამიანი. სად არიან ესენი, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია, პირველ რიგში შესამოწმებელია ამ ადამიანების მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია რამეთუ ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს", - თქვა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

3 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი. როგორც ეზუგბაიამ თქვა, ისინი საქართველოს მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირების 9 მიმღებ კლინიკაში არიან გადანაწილებულები.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281;

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამოქმედებულია კარანტინის საათი და 21:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ეკლესიამ არ აკრძალა მოქალაქეთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ მრევლის დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს.

ეკლესიის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება და მრევლს ერთ სივრცეში შეკრებას არ უკრძალავს.

კომენტარები