უზენაესი სასამართლო

უზენაესმა საკონსტიტუციოს მოსამართლის დასანიშნად პნელუმის სხდომა კვლავ ჩანიშნა

flickr.com

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დასანიშნად სხდომა კვლავ ჩანიშნა. 

უზენაესი სასამართლოს ცნობით, პლენუმის სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაზე უნდა იმსჯელონ, 3 აპრილს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. წინა ასეთი სხდომა, რომელიც 31 მარტს იყო ჩანიშნული, გაუქმდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა". შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა. 

30 მარტს, პლენუმის სხდომამდე ერთი დღით ადრე, უზენაეს სასამართლოს სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს და მოუწოდეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე დაუყონებლივ შეეჩერებინათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა. იურისტები ღია წერილში წერდნენ, რომ უზენაესი სასამართლო არსებულ საგანგებო ვითარებას ბოროტად იყენებდა და ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისგან თავის არიდებით ცდილობდა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნას. 

სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლების გარდა, უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურის შესაჩერებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც მიმართა. 

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა გადაიდო, თუმცა 2 აპრილს ის კვლავ ჩაინიშნა. დღეს, 3 აპრილს უზენაეს სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიმართეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ირჩევს, მათ შორის, ახლადდანიშნული 14 მოსამართლე - შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი და ა.შ. 

კომენტარები