ნავთობის ბაზარი

ფასების ისტორიული ვარდნის შემდეგ, პუტინი მზად არის, ნავთობის მოპოვება შეამცირონ

0 კომენტარი
ვლადიმერ პუტინი ფოტო: GETTY IMAGES

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზაობა, რუსეთმა  ნავთობის მოპოვება შეამციროს. საუბარია, ჯამურად დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე. 

"რუსეთი მჭიდრო კავშირში იმყოფება საუდის არაბეთთან და აშშ-სთან, ჩვენ ყველას გვაწუხებს ნავთობის არსებული ფასები. ჩვენ მზად ვართ შევამციროთ მოპოვება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პარტნიორულად", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 6 მარტს რუსეთი ნავთობის მოპოვების შემცირების წინააღმდეგ წავიდა, რის გამო OPEC-ის შეთანხმება ჩაიშალა.

ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივით რუსეთი და საუდის არაბეთი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებოდნენ. 

ტრამპის განცხადება დადებითად აღიქვა ბაზარმა და უკვე მეორე დღეა ნავთობზე ფასები იზრდება. წინააღმდეგობის საკითხს საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების ტემპი წარმოადგენდა. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საუდის არაბეთი მოპოვების კიდევ უფრო შემცირების ინიციატივით OPEC-ის სხდომაზე გამოვიდა. წინადადების წინააღმდეგ წავიდა რუსეთი, რასაც ძველი შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. 

ამრიგად, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წელს დადებული ხელშეკრულებამ მოქმედება პირველ აპრილს შეწყვიტა, რის შემდეგაც ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების ანტირეკორდი გაიმეორა. 

30 მარტიდან მოყოლებული რუსეთში წარმოებული საექსპორტო ნავთობის ფასი უარყოფითი იყო - მწარმოებლებს ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება უფრო ძვირი უჯდებოდათ, ვიდრე გასაყიდი ფასია. 

გუშინ, 2 აპრილს რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ასეთ ფასზე რუსეთის ბიუჯეტი ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. 

ერთ-ერთი ვერსიით რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების ინიციატორი, ვლადიმერ პუტინის ძველი მეგობარი და კომპანია როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი იყო. 

OPEC-თან დადებული შეთანხმებით სეჩინი უკმაყოფილებას წარსულშიც გამოთქვამდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მოპოვების შემცირებული ტემპებისა და ნავთობზე შედარებით მაღალი ფასის ფონზე ბაზარზე აშშ-ის პოზიციები ძლიერდებოდა. 

შეთანხმების მოქმედების პირობებში აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრია სწრაფი ტემპებით იკავებდა ახალ ბაზრებს, რაც როსნეფტის ხელმძღვანელისთვის მიუღებელი იყო. სეჩინის გათვლით, მოპოვების ზრდა ნავთობზე ფასს იმ დონემდე შეამცირებდა, რომ ფიქლის ნავთობის ამერიკელი მწარმოებლებისთვის მოპოვება წამგებიანი გახდებოდა. 

უფრო მეტი ნავთობის ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ გაიგეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები