კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა - 81 წლის ქალი

საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორის, ლევან რატიანის თქმით, გარდაიცვალა 81 წლის ქალი, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს კლინიკაში და მისი მდგომარეობა მიმღებშივე კრიტიკულად შეფასდა. 

"პაციენტთან ორმხრივი მწვავე პნევმონია გამოვლინდა. მწვავე რესპირატორული დისტრესი. მწვავე სეფსისი. ანამნეზით გადატანილი ჰქონდა მწვავე ინფაქტი, მოციმციმე არითმია, ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, დაესვა აღნიშნული დიაგნოზი, ის გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის ცენტრში. მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო"- თქვა რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. Covid 19-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 79 წლის ქალი ემსხვერპლა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს.

5 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 170 შემთხვევა. აქედან 36 გამოჯანმრთელდა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები