კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: უცხოეთში მყოფი ქართველების დასაბრუნებლად უნდა გაორმაგდეს საკარანტინო სივრცე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე და მათი დაბრუნების გზებზე ისაუბრა. 

ბოკერიას განმარტებით, საქართველოს 6 000-დან 10 000 მოქალაქამდე ქვეყანში დაბრუნებას ვერ ახერხებს. როგორც დეპუტატი ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე საუბრის დროს მხოლოდ ბუნდოვანი პასუხებით შემოიფარგლებიან და მოქალაქეების ასეთ შეყოვნებას ფრენების სირთულით ხსნიან. 

"დისკუსია თვითმფრინავების "შოვნაზე" სრულიად არაზუსტია, რადგან დღეს ფრენების შეჩერების გამო, თითქმის ყველა ავიაკომპანიისთვის მარტივია ასეთი შეკვეთის მიღება. სინამდვილეში პრობლემა ისაა, რომ საკარანტინე ადგილების დღევანდელი რაოდენობა არ არის საკმარისი მგზავრთა ნაკადის მისაღებად. დღეს საქართველოში კარანტინში 5 067 ადამიანია. ხელისუფლების მიერ აღებული ამ ტემპით, საქართველოს იმ მოქალაქების დაბრუნებას, ვისაც ამის სურვილი აქვს, მინიმუმ 2 თვე დასჭირდება, რაც სრულიად დაუშვებელია," - თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, მძიმე შეცდომაა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო, თუმცა ახლა უკვე მომხდარ შეცდომაზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. მისი განმარტებით, ახლა ამოცანაა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობასი უნდა გაორმაგდეს საკარანტინე სივრცის რაოდენობა და ამის რესურსი საქართველოს ბიუჯეტს აქვს. 

"ყველა სასტუმრო, რომელიც ცარიელია, მოწადინებულია და სიამოვნებით დათანხმდება მთავრობის ასეთ დაკვეთას. ასე რომ, ის დისკუსიაც არასწორია ახლა ვიღაცებმა რომ თქვეს, ჩვენ გიშოვით სასტუმროსო. არანაირი სასტუმროს შოვნა არ სჭირდება მთავრობას. ეს სივრცე არსებობს მოსაწესრიგებელი,"- თქვა ბოკერიამ ბრიფინგზე. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ამის პარალელურად სახელმწიფომ იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ვინც უკვე დააფიქსირა წამოსვლის სურვილი საკონსულოებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. 

ხოლო თუკი ამ პერიოდში ვერ მოხერხდება ამ ადამიანების დაბრუნება, მათ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს კომპენსაცია იმ ქვეყნებში, სადაც ისინი არიან. ბოკერიას თქმით, კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ როგორია კონკრეტულ ქვეყნებში ხელფასის მინიმალური რაოდენობა (თუ ერთი კვირაა, თვიური მინიმალური ხელფასის 1/4 და ა.შ.), ოღონდ ეს თანხა არ უნდა იყოს 600 ევროზე ნაკლები კვირის განმავლობაში. 

ამასთან, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მომავალში დააფიქსირებენ სურვილს საქართველოს საკონსულოებში, დარეგისტრირებიდან 10 დღის განმავლობაში მათი ვერჩამოყვანის შემთხვევაში მათ სახელმწიფომ ასევე უნდა გადაუხადოს კომპენსაცია იმავე პრინციპით. 

"კომპენსაციის გადახდა არის საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხონ ადგილმსაყოფელ ქვეყნებში მინიმალურ პირობებში თავის შენახვა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება,"- თქვა გიგა ბოკერიამ.

  • საზღვარგარეთ მყოფი ქართველების დაბრუნების განრიგი ნახეთ აქ. 

კომენტარები