კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ვაპირებთ, 60 წელს გადაცილებულები პნევმოკოკის ვაქცინით ავცრათ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, საქართველოში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პნევმოკოკზე აცრიან. 

ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა საქართველოში გააანალიზეს ძირითადი დაავადებები და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები, რის შედეგადაც მათ დაინახეს, რომ მოწყვლად ჯგუფებში ხშირადაა განვითარებული პნევმონია. 

"ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 ზემოთ მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებითაა ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ,"- თქვა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უწყებას აქვს იმ ადამიანების კონკრეტული რაოდენობა და სია, რომლებსაც აცრიან და ეტაპობრივად ეს ყველა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეს შეეხება. 

ტიკარაძე ამბობს, რომ მიდის მსჯელობა იმაზეც, რომ შესაძლოა, პნევმოკოკის აცრა სავალდებულო გახდეს და ყოველწლიურად აიცრან 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები. 

კომენტარები