კორონავირუსი და ეკლესია

მამა სერაფიმე: სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვაზე არ ყოფილა

A woman holds a lit candle and an icon during a religious procession to commemorate "The Day of 100,000 Martyrs" in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თემქაზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ადასტურებს, რომ მისი ეკლესიის სტიქაროსანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მისივე თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ სტიქაროსანი 5 აპრილს საკვირაო წირვას ესწრებოდა. 

როგორც სასულიერო პირი მაესტროსთან ინტერვიუში განმარტავს, რამდენიმე კვირის წინ მან გაიგო, რომ სტიქაროსნის ბაბუას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისივე თქმით, სტიქაროსანი ამბობდა, რომ ექიმების შეფასებით, ის და მისი ოჯახის წევრები საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და მათთვის არანაირი რჩევა არ მიუცია. როგორც მამა სერაფიმე ყვება, მოგვიანებით, გასულ პარასკევს (3 აპრილი) მან გაიგო, რომ სტიქაროსნის ბაბუა კლინიკაში გადაიყვანეს, 4 აპრილს კი მას უთხრეს, რომ მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

" მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც კი გავიგე ამ ბავშვის ბაბუის და არა მისი ინფიცირების ამბავი, ის ბავშვი დათხოვილი იყო ტაძრიდან. ამ შაბათ-კვირას მას არავისთან ჰქონია შეხება, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მანამდე, სანამ ბაბუამისს დაუფიქსირდებოდა, ის, რა თქმა უნდა, მოდიოდა მსახურებაზე,"- ამბობს მამა სერაფიმე. 

სასულიერო პირის თქმით, სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ გუშინ, 6 აპრილს გაიგო. 

"გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომ ის გადის მკურნალობას. არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მე ექიმებსაც ვესაუბრე,"- თქვა მამა სერაფიმემ.

ტაბულა კვლავ ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს საპატრიარქოს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები