კორონავირუსი გერმანიაში

ტესტები, ასაკი, ჯანდაცვა - რატომაა გერმანიაში COVID19-ით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი

გერმანიაში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქვეყნებს. თუ იტალიაში ფატალური შედეგი დადასტურებული შემთხვევების 12.5%-ში დადგა, ხოლო ესპანეთში 9.8%-ში, გერმანიაში გამოვლენილი დაინფიცირებულების 1.75% გარდაიცვალა. 

გერმანიის დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელს სამი ძირითადი მიზეზი აქვს - ტესტირება, გამართული ჯანდაცვის სისტემა და დაინფიცირებულთა დაბალი საშუალო ასაკი.

ტესტირების კუთხით, ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული შეხვდა. ბერლინის საავადმყოფოებში კორონავირუსის ტესტის ფორმულა ჯერ კიდევ იანვრის შუაში ჰქონდათ. თებერვალში, დაინფიცირების პირველი შემთხვევის აღრიცხვისას, ლაბორატორიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდათ მომარაგებული ტესტები. ნაცვლად ერთი, ცენტრალიზებული სამთავრობო ორგანოსი, გერმანიაში ტესტებს ინდივიდუალური საავადმყოფოები და ლაბორატორიები ატარებდნენ. 

გერმანია იმაზე მეტ ტესტს ატარებს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან (მაგ. იტალია, შვედეთი), ტესტები არ უტარდებათ მხოლოდ იმათ, ვინც საავადმყოფოებში მიდიან და სიმპტომებს ავლენენ.

აგრესიული ტესტირების საშუალებით გერმანიას საშუალება აქვს გამოავლინოს ისეთი დაინფიცირებულებიც, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. ამგვარად, იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულების აღრიცხვის მაჩვენებელი, მაგრამ რადგანაც მათი შედარებით დიდი ნაწილი მოდის მსუბუქ შემთხვევებზე, გარდაცვალების წილი მცირეა. განსაკუთრებით ხშირად უტარდებათ ტესტები სამედიცინო პერსონალს.

გარდა ამისა, მასშტაბური ტესტირებით გერმანიას საშუალება აქვს ჩქარა გამოავლინოს დაინფიცირებულები, შემდეგ კი მათი სასწრაფო იზოლაციით სხვები იხსნას დაავადებისგან.

უკვე აპრილის ბოლოდან მთავრობა გეგმავს, კვირაში 100 000 ადამიანს ჩაუტარდეს ტესტი, რათა გაირკვეს, გამომუშავდა თუ არა იმუნიტეტი დაავადების მიმართ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტები გერმაიაში მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა და განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, მთავრობა მათ სრულად ანაზღაურებს. ამდენად, ტესტირებისგან ნაკლებად იკავებენ თავს ისინი, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. შედეგად, ქვეყანას აქვს საშუალება, უკეთ შეაკავოს ვირუსის გავრცელება.

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელი ისიცაა, რომ გერმანიაში დადასტურებული შემთხვევებიდან დაბალია ხანშიშესულთა წილი. თუ ესპანეთში აღრიცხული შემთხვევების 50% მოდის 60 წელზე მაღალი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებზე, გერმანიაში იგივე მაჩვენებელი 20%-ზეა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ გერმანია ეპიდემიას კარგი ჰოსპიტალური ტევადობით შეხვდა. იანვარში გერმანიაში 28 ათასი ინტენსიური მზრუნველობის საწოლი იყო მართვითი სუნთქვის სისტემით, ანუ 100000 ადამიანზე 34. იგივე მაჩვენებელი იტალიაში 12-ს შეადგენდა, ხოლო ნიდერლანდებში 7-ს. დღეისათვის კი გერმანიაში უკვე 40 ათასი ასეთი საწოლი აქვთ.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 103 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 36 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1822 გარდაიცვალა.

კომენტარები