ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქართული ოცნება: Stopcov-ის ფონდში 100 მლნ ლარი ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა

on.ge

ქართული ოცნების განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 9 აპრილის 00:00 საათამდე დაახლოებით 24 მილიონი ლარი იყო მობილიზებული, შემდეგ კი ეს თანხა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

"ოცნების" განცხადებაში ნათქვამია:

"პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა ქართუ ფონდში რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა
იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა".

მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა - 2020 წლის 26 თებერვლიდან - მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მედიასთან არ გამოჩენილა, არ გაუკეთებია კომენტარი, არც განცხადება გაუვრცელებია.

9 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს 214 ადამიანს. მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 408 პირი.

კომენტარები