პრემერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი, თუმცა, მისივე თქმით, ყველანაირი პროგნოზი პირობითია.
"მოგეხსენებათ, უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი.
ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის", - თქვა გახარიამ.
საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საეკლესიო დღესასწაულებიდან 2-3 კვირაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს. საქართველოს ხელისუფლებაც პიკს სწორედ ამ პერიოდში ელოდება. თუმცა, არ გეგმავს, საპატრიარქოს მკაცრად მოსთხოვოს საგანგებო მდგომარეობის პირობების შესრულება.
ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომლითაც ამ დრომდე მსოფლიოში ოფიციალური სტატისტიკით 1 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 60 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. სხვადასხვა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შეჩერებულია ფრენები, დაკეტილია მაღაზიები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები. საქართველოში მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები აგრძელებენ, მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.





