ტაივანი - ჯანმო

ტაივანი WHO-ს დირექტორს: ვგმობთ უსაფუძვლო, მოგონილ რასისტულ ბრალდებებს

9 აპრილს ტაივანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის "უსაფუძვლო, მოგონილი" ბრალდებები, რომ თითქოს ტაივანი და მისი საგარეო საქმეთა სამინისტრო რასობრივი ნიშნით მას თავს ესხმოდა, დაგმო.

8 აპრილს ჯანმო-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მას რასობრივი ნიშნით თავს ესხმოდნენ, ასევე, მისი თქმით, სიკვდილის მუქარაც მიიღო, თუმცა არ ადარდება. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ 3 თვის წინ მსგავსი თავდასხმა ტაივანისგან წამოვიდა: "მათ ჩემი კრიტიკაც დაიწყეს!" - თქვა ჯანმო-ს დირექტორმა.

"ტაივანი მოწიფული და ძალან წარმატებული, განვითარებული დემოკრატიული ქვეყანაა და სრულიად არ წაგვიხალისებია ხალხი, რომ ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს პირადად დასხმოდნენ თავს... ჩვენი რასიზმის პრობლემა არ გვაქვს", - განაცხადეს ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტაივანი ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას და ინტერნეტში ჯანმო-ს დირექტორზე ნებისმიერ თავდასხმას გმობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა იოანე ოუმ თქვა, რომ ტედროსის კომენტარები იყო უპასუხისმგებლო და ამისთვის ბოდიში უნდა მოეხადა. 

სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანია ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემა პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა. 

ტაივანის მთავრობამ სლოგანით "ტაივანს შეუძლია დახმარება" გასულ კვირას აშშ-ში, ევროპაში და 15 დიპლომატიურად მოკავშირე ქვეყანას 10 მილიონი პირბადე გადასცა და მალე კიდევ 6 მილიონი პირბადის გაღებას აპირებს.

ტაივანი მსოფლიოში ერთერთი ლიდერია კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში - ტაივანში, რომელიც კონტინენტური ჩინეთისგან 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, იანვრიდან ამ დრომდე ინფიცირების 380 და გარდაცვალების 5 შემთხვევაა დადასტურებული. ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის. 

ტაივანი აცხადებს, რომ ჯანმო ახალი ვირუსის გავრცელების დროს ტაივანის კითხვებს აიგნორებდა და ტაივანის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დადასტურებულ შემთხვევებზე და პრევენციის ხერხებზე ორგანიზაციის წევრებს არ უზიარებდა. 

ტაივანს ჯანმო-ს საგანგებო შეხვედრებზე არ უშვებენ. 2016 წლიდან ჩინეთის წნეხის შედეგად ტაივანს არც ყოველწლიურ ასამბლეასა და ჯანმო-ს ტექნიკურ შეხვედრებზე უშვებენ. აშშ, იაპონია და არაერთი ევროპული ქვეყანა ჯანმო-ს მოუწოდებს, რომ ტაივანი შეხვედრებზე დაუშვას. ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ჯანმოს-გან დროულად ინფორმაციის მიღება არ შეუძლია, ჩინეთს კი ბრალს სდებს, რომ ტაივანში კორონავირუსზე ჯანმო-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის. ამის მიუხედავად, ამჟამად ტაივანი ჩინეთისგან დამოუკიდებლად ჯანმო-სთან პირადი კონტაქტით ცდილობს, რომ გარკვეულ ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.

ჯანმო-ს ჩინეთთან ახლო კავშირზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც საუბრობს - "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ჩინეთზე ძალიან არის ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?".

აღსანიშნვია, რომ 27 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც საერთაშორისოდ აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად თვლის. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ცაი ინ-ვენი პირველად გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

კომენტარები