კორონავირუსი და ეკლესია

ტიკარაძე სასულიერო პირების ტესტირებაზე: მოწყვლადი ჯგუფია, მნიშვნელოვანია მათი დაცვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. ტიკარაძის თქმით, სასულიერო პირები მოწყვლადი ჯგუფია და სწორედ აქედან გამომდინარე შეიყვანეს ისინი რისკ ჯგუფებში. 

"საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა. როდესაც ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებდით, იქ იყო შეტანილი სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც. რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა"- თქვა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

სასულიერო პირების გარდა, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონალური ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება და ყოველ კვირას წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები