ახალი კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა გვაქვს

რადიო თავისუფლება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ახალი კორონავირუსი ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა.

ნიჟარაძე ამბობს, რომ დამატებით მოიძიეს აღნიშნულ კლასტერთან დაკავშირებული 40 პირი - ოჯახის წევრები და მათი კონტაქტები, მათ რიცხვში არ არის სამედიცინო პერსონალი. ანალიზი 40-დან 8 მათგანს ჩაუტარდა, 6-ს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

"შესაბამისად, ჩვენ ქობულეთის დაკავშირებული 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ეს ადამიანები გადმოგვყავს ბათუმის კლინიკა მედ ალფაში. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვანი არის ერთი. პრაქტიკულად ყველა ასაკობრივი ჯგუფია", - ამბობს ნიჟარაძე.

მისივე თქმით, საქმე ეხება ქობულეთის რამდენიმე სოფელს, კონტაქტების მოძიება კი გრძელდება.

"ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს მიმოვიხილავთ, შესაძლოა, მათი რიცხვი კვლავ გაიზარდოს, მაგრამ ლაბორატორიული კვლევაც მეტ ადამიანს ჩაუტარდება, მათ შორის ამ დროისთვის თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებსაც", - ამბობს ნიჟარაძე.

აჭარაში 10 აპრილის 11:30 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

____________________________________________________________________________________________

ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, სტუმრად ოჯახთან იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. პაციენტი ამჯერად კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირება ივარაუდეს. ქალს ნიმუში აუღეს, მას ვირუსი დაუდასტურდა.

დადასტურების შემდეგ ნიმუშები აუღეს პაციენტის ოჯახის წევრებსაც ქობულეთში, 5 ადამიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორისაა ქალის მამაც, რომელიც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე 3-ჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ცენტრის ორ ბრიგადას, ჯამში 6 ადამიანს, რომელსაც შეხება ჰქონდათ 55 წლის ქალთან, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ უცნობია, ვინ არის ე.წ ქობულეთის კლასტერის პირველწყარო. ასევე, უცნობია, ქალმა გადასდო ქობულეთში მცხოვრებ მამას, თუ პირიქით.

კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა 55 წლის ქალს ახალ კორონავირუსზე ტესტი თავიდანვე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს, რომ მისი ჩივილები ამ დაავადებების მქონე მხოლოდ 5%-ს ახასიათებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევის დეფინიცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით იცვლებოდა და მასთან ერთად იცვლებოდა მიდგომაც.

საქართველოში 10 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 52 გამოჯანმრთელდა, 3 ადამიანი კი - გარდაიცვალა.

კომენტარები