საკარანტინო რეჟიმი ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ცხადდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კონტაქტების წრე საკმაოდ ფართო იყო.

"შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში. შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შსს და თავდაცვის ძალები", - ამბობ ჩიქოვანი.

ამავე სოფლებში მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის შეეძლება, საკვების და წამლების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ჩიქოვანი ასევე ამბობს, რომ მათ შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება, თუ დაიცავენ შესაბამის პროტოკოლს. 

ჩიქოვანი ასევე აღნიშნავა, რომ უკვე დაწყებულია ყველა იმ შესაძლო შემთხვევის მოკვლევა, რომელიც ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მისივე თქმით, ადგილზე დაწყებულია თერმოსკრინინგი და შემოწმდება ამ ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მოსახლე.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ მოსახლეობას არ შეექმნას საკვებისა და მედიკამენტების პრობლემა.

მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეული და ბოლნისი, ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები