სააღდგომო ლიტურგია

აღდგომის ღამეს პატრიარქი ილია მეორე კანონდარღვევით წირავს

პატრიარქი ილია მეორე

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად სამებაში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ სამებაში შეკრებილ მრევლს გამოუცხადეს. არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, აღდგომის წინა ღამეს, 23:00 საათზე, პატრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში მივა, შემდეგ კი ლიტანიობა დაიწყება.  

არქიდიაკონის ინფორმაციითვე, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები და სააღდგომო ლიტურგიაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, იქნება ლიტანიობა.  

"სამშაბათს, საღამოს 4 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება იქნება, შაბათს დილით 7 საათზე შესრულდება წესის აგება, იქნება ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. შაბათს, საღამოს 22:00 საათზე, წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ხოლო 12 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია," - თქვა არქიდიაკონმა

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

ქვეყანაში გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად. 

კომენტარები