ახალი კორონავირუსი

ტაივანის საგარეო უწყება: WHO-ს დეკემბერში მივწერეთ, რომ Covid-19 ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა

0 კომენტარი

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გაავრცელეს ამონარიდი ელექტრონული ფოსტით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისათვის 2019 წლის 31 დეკემბერს გაგზავნილი წერილიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს:

"ეს არის მეილი, რომელიც ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მისწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 2019 წლის 31 დეკემბერს. "ატიპუტი პნევმონია" ნიშნავს SARS-s. ის, რომ "პაციენტებს იზოლაციაში მკუნალობენ" ნიშნავს ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ვირუსთან ბრძოლაზე და არ უნდა ეძებოს ტაივანის მსგავსი განტევების ვაცები."

წერილის ამონარიდში კი ვკითხულობთ:

"გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთში, ვუჰანში ატიპური პნევმონიის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ჯანდაცვის უწყებები მედიას პასუხობენ, რომ ეს შემთხვევები SARS არ არის. მიუხედავად ამისა, პაციენტების კვლევა გრძელდება და ისინი მკურნალობისათვის იზოლაციაში არიან. მადლობელი ვიქნებოდით, თუ რაიმე რელევანტური ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ".

აშშ-ის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ტაივანის მიერ ორგანიზაციისათვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ გააზიარეს და 2020 წლის 14 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის ნიშნები არ ფიქსირდებოდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში კი ირწმუნებიან, რომ წერილში არაფერია ნახსენები ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შესახებ.

8 აპრილს ჯანმო-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მას რასობრივი ნიშნით თავს ესხმოდნენ, ასევე, მისი თქმით, სიკვდილის მუქარაც მიიღო, თუმცა არ ადარდებდა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ 3 თვის წინ მსგავსი თავდასხმა ტაივანისგან წამოვიდა: "მათ ჩემი კრიტიკაც დაიწყეს!" - თქვა ჯანმო-ს დირექტორმა.

9 აპრილს ტაივანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის "უსაფუძვლო, მოგონილი" ბრალდებები, რომ თითქოს ტაივანი და მისი საგარეო საქმეთა სამინისტრო რასობრივი ნიშნით მას თავს ესხმოდა, დაგმო.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანია ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემა პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა. 

ტაივანი მსოფლიოში ერთერთი ლიდერია კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში - ტაივანში, რომელიც კონტინენტური ჩინეთისგან 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, იანვრიდან ამ დრომდე ინფიცირების 382 და გარდაცვალების 6 შემთხვევაა დადასტურებული. ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის. 

ტაივანი აცხადებს, რომ ჯანმო ახალი ვირუსის გავრცელების დროს ტაივანის კითხვებს აიგნორებდა და ტაივანის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დადასტურებულ შემთხვევებზე და პრევენციის ხერხებზე ორგანიზაციის წევრებს არ უზიარებდა. 

ტაივანს ჯანმო-ს საგანგებო შეხვედრებზე არ უშვებენ. 2016 წლიდან ჩინეთის წნეხის შედეგად ტაივანს არც ყოველწლიურ ასამბლეასა და ჯანმო-ს ტექნიკურ შეხვედრებზე უშვებენ. აშშ, იაპონია და არაერთი ევროპული ქვეყანა ჯანმო-ს მოუწოდებს, რომ ტაივანი შეხვედრებზე დაუშვას. ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ჯანმოს-გან დროულად ინფორმაციის მიღება არ შეუძლია, ჩინეთს კი ბრალს სდებს, რომ ტაივანში კორონავირუსზე ჯანმო-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის. ამის მიუხედავად, ამჟამად ტაივანი ჩინეთისგან დამოუკიდებლად ჯანმო-სთან პირადი კონტაქტით ცდილობს, რომ გარკვეულ ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.

ჯანმო-ს ჩინეთთან ახლო კავშირზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც საუბრობს - "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ჩინეთზე ძალიან არის ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?".

აღსანიშნვია, რომ 27 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც საერთაშორისოდ აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად თვლის. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ცაი ინ-ვენი პირველად გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები