ახალი კორონავირუსი საქართველოში

თბილისის ინფექციური საავადმყოფო: სამების ტაძრიდან ბზობის დღესასწაული მოგვილოცეს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია და სხვა ექიმები ბზის კონებით ხელში, სასულიერო პირებთან ერთად - ფოტოები ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ფოტოების აღწერაში ვკითხულობთ: "ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცეს სამების საკათედრო ტაძრიდან".


ფოტო: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი

12 აპრილს ქრისტიანული ეკლესიის ნაწილმა ბზობა აღნიშნა. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. ტაძრებში ხალხმრავლობა დღესაც იყო. მორწმუნეები კვლავ ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში წირვა პატრიარქმა ილია მეორემ აღასრულა, რომელიც ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფშია, ის 87 წლისაა, ამასთან, აქვს თანმდევი დაავადებები.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

დღეს, 12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის წინა ღამე პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები არ სთხოვენ ეკლესიას, კანონით განსაზღვრულ ზომებს დაემორჩილონ.

Covid 19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. მისი თვისებები ჯერაც არ არის შესწავლილი. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 600 000-ს გადააჭარბა. დაიღუპა 100 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოში ახალი კორონვირუსით ინფიცირების 252 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 67

კომენტარები