პოლიტიკური დევნა

ბოკერია: ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და შეთანხმებაზე არავინ ფოკუსირდება, სიბრიყვეა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ პანდემიის ფონზე, საქართველოს დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებული საკითხებს მნიშვნელობა არ აქვს და საერთაშორისო მეგობრები ყურადღებას არ მიაქცევენ. ბოკერია ოქრუაშვილის საქმეზე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის შეთანხმების პირობების არ შესრულებით დიდ რისკზე წავა, რაც ქვეყნისთვის იქნება საზიანო. 

"ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, როცა საქართველოს სჭირდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება და ყურადღება, ქართული დემოკრატიისთვის ამ ტიპის პრობლემების შექმნა და დადებული პირობის არ შესრულება არის დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის," - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, პანდემიის გადალახვის შემდეგ, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, რასაც ნორმალური ვითარება სჭირდება, ნორმალურ ვითარებას კი - შეთანხმების შესრულება.

"ილუზია, თითქოს ყურადღება გადატანილია და შეთანხმების შესრულებაზე არავინ ფოკუსირებას არ მოახდენს, ქვეყნისთვის საზიანო სიბრიყვეა. ამ ფასს ივანიშვილი თვითონ გადაიხდის, ოღონდ, სამწუხაროდ, გადაიხდის ქვეყანაც", - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ინსტრუმენტებით შეასრულებს ხელისუფლება პირობას, მთავარი შედეგია, პოლიტპატიმრების ნაწილის შესრულების გარეშე კი შეთანხმება მთლიანად ჩაიშლება:

"ყველა ის პირი, ვისაც ეს მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. რაზეც ღია ტექსტშია საუბარი - არცერთ მხარეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ ინსტრუმენტს პოლიტიკური მოტივით იყენებენ. შთაბეჭდილება კი არა, უაშკარავესი სურათი გვაქვს ოქრუაშვილზე, რურუაზე, უგულავაზე", - ამბობს ბოკერია.

14 აპრილს ამერიკის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას განცხადებით გამოეხმაურა. საელჩო მხარეებს 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება".

20 ივნისის აქციის საქმეზე 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ცნეს. 

შეთანხმება, რომელზეც საელჩოს განცხადებაშია საუბარი, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით დაიდო. საარჩევნო სისტემის გარდა, შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

კომენტარები