ახალი კორონავირუსი საქართველოში

ინფიცირებული მღვდელი: ჩემს დას მივაკითხე კლინიკაში, ალბათ იქ დავინფიცირდი, ბევრი ხალხი იყო

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მღვდელი, ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი პაპავა ამბობს, რომ ხარებას, 7 აპრილს ზიარების რიტუალი ჩაატარა. TV პირველის კითხვის პასუხად, სატელეფონო კომენტარში მან თქვა - "რა თქმა უნდა, ყველა ეზიარა, იქ ვინც იყო. მრევლიც იყო ალბათ, მე გარეთ არ გავსულვარ".

პაპავას ასევე ეჭვი აქვს, რომ მაშინ დაინფიცირდა, როცა კლინიკა "თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში" თავის ექთან დას მიაკითხა.

"მე მგონია, რომ ჩემს დასთან საავადმყოფოში დავინფიცირდი, იქ ვიყავი მისული. ბევრი ხალხი იყო, შედიოდა და გამოდიოდა", - თქვა მან ტვ პირველთან.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კი, მღვდელმსახურმა განაცხადა, რომ სიმპტომები მას 7 აპრილს, ხარების დღესასწაულის საღამოს დაეწყო.

"სიმპტომები დამეწყო ხარებას. საღამოს სიცხემ ამიწია, დაახლოებით, 38-მდე, მეორე დღეს უფრო მეტი - 39. მერყეობდა. ყველა დისტანციურად ვართ ხოლმე და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია [წირვაზე სხვებთან], შორს ვიდექით ყველა. არც აღსარებაზე გავდივართ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა. უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარება მაქსიმალურად შეგვეზღუდა და მეც ასე ვცდილობდი,"- ამბობს მამა გიორგი.

მისივე თქმით, მაღალი სიცხის მიუხედავად, ის 8 აპრილსაც იყო ეკლესიაში ღვთისმსახურების აღსავლენად, რადგან ოთხშაბათი მისი მსახურების მორიგეობის დღეა.

"იმ დღეს ვიმსახურე მე, მაგრამ ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა ბოლოში და მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია,"- ყვება მამა გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულია, მღვდელი გიორგი პაპავა არ ფიქრობს, რომ ადამიანებმა წირვებზე სიარული უნდა შეწყვიტონ.

სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. ის და მისი ოჯახის წევრები ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

მამა გიორგის და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ექთანია და სწორედ მისგან დაინფიცირდა კიდევ 4 მედპერსონალი - ერთი ექიმი და სამი ექთანი. სამედიცინო ინსტიტუტში კარანტინია გამოცხადებული.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში ყოველ კვირას იმართება წირვა, რომლის მიწურულსაც მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 12 აპრილს მრევლს უთხრეს, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება სააღდგომო ღამის ლიტურგია. 13 აპრილს მთავრობის წევრები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

კომენტარები