ეკონომიკა

IMF ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, გლობალური ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. ფონდი დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს.

ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. შედარებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ვარდნამ 0,8% შეადგინა. ფონდის პროგნოზით წელს ეკონომიკური რეცესიის ფაზაში ჯამურად 157 ქვეყანა შევა. 

IMF-ის პროგნოზით, წელს აშშ-ის ეკონომიკა 5,9%-ით შემცირდება, ევროზონის 7,5%-ით, ხოლო ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1,2%-მდე დაეცემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი სტრუქტურით ყველა სხვა ეკონომიკური კრიზისისგან განსხვავდება. 

ასევე, განსხვავებულია კრიზისის გამომწვევი ფაქტორებიც და ამჯერად უარყოფითი ფაქტორები უფრო მასშტაბურია. ასევე, უცნობია თუ როდის დასრულდება პანდემია და სრულად აღდგება ეკონომიკური საქმიანობა, რაც კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს. 

"მაღალი ალბათობით, დიდი დეპრესიის შემდეგ, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა ყველაზე მასშტაბური რეცესიის ფაზაში შევა", — ნათქვამია დოკუმენტში. ამავდროულად, ფონდი პროგნოზირებს, რომ 2021 წელს ზრდა უფრო სწრაფი იქნება და გლობალური მშპ ჯამურად 5,5%-ით გაიზრდება, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სხვა ქვეყნებთან ერთად, ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. 

ეკონომიკური შოკისა და შემცირებული მოხმარების ფონზე, ფონდი ინფლაციის მაჩვენებლის 4,6%-მდე შემცირებას ვარაუდობს. ამის პარალელურად, ფონდი ვარაუდობს, რომ საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს 10%-მდე გაიზრდება. 

ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და სავარაუდოდ, მომავალ წელს 3,7%-იანი ზრდა იქნება. ამავე წელს, ფონდის პროგნოზით, 3,6%-მდე შემცირდება ინფლაციის მაჩვენებელი. 

ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყანაში შემცირდება, მათ შორის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოებში. პროგნოზი რეგიონის მიმართულებით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი — კლება - 5%;
  • რუსეთი — კლება - 5.5%;
  • აზერბაიჯანი — კლება - 2.2%;
  • სომხეთი — კლება - 1.5%;
  • უკრაინა — კლება - 7.7%.

 

კომენტარები