კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი შალვა აღდგომის ღამეზე: ვამზადებთ შენობას, 2 000 კაცამდე დაეტევა

რუსთავი 2

დეკანოზი შალვა კეკელია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ აღდგომის წირვისთვის მზადდება შენობა, რომელიც 2 000-მდე ადამიანს დაიტევს.

"სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის ადვილი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციით იდგნენ", - ამბობს შალვა კეკელია.

დეკანოზმა მთავრობის წარმომადგენლებსაც მიმართა და სთხოვა, რომ აღდგომის ღამეს დაეხმარონ ეკლესიაში დისტაციის დაცვაში.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ასევე 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული. აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება.

ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში წირვა-ლოცვა გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ წირა.

ამავე დღეს ხალხს ვნების კვირეულის განრიგი გააცნეს და უთხრეს, რომ აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, თუმცა ეკლესიაში შექმნილ ხალხმრავლობაზე არ რეაგირებენ. 

13 აპრილს საქართველოში ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს, ხარებას, წირვა აღასრულა, ჩაატარა ზიარებაც. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

კომენტარები