ახალი კორონავირუსი

COVID-19 ანუ ჩინეთის ჩერნობილი

გვანცა ჩაჩანიძე
0 კომენტარი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირს ერთმანეთს ხშირად ადარებენ. კოვიდ-19-ის გავრცელებასთან ერთად არაერთი სტატია დაიწერა, რომლებშიც ვირუსსა და ჩერნობილის ტრაგედიას შორის პარალელებს ავლებენ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ისევე როგორც ზემოთქმული მოვლენები, ბევრი რამით განსხვავდებიან, მსგავსება მაინც აშკარაა. 

ორივე შემთხვევაში მთავრობებისთვის ადამიანების უფლებები, სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ ყოფილა. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მომხდარის მიჩქმალვასა და იმ ადამიანების რეპრესირებას, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებდნენ. სსრკ-ის მთავრობის მსგავსად, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამაც დააგვიანა რეაგირება და ეფექტური ნაბიჯების გადგაგმა. საბჭოთა ხელისუფლებისთვის ამ შეცდომებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩერნობილის ტრაგედიიდან  20 წლის თავზე მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი მიზეზი ჩერნობილის კატასტროფა იყო. “ჩერნობილის ტრაგედია გარდამტეხი ისტორიული მოვლენაა. იყო ერა ჩერნობილამდე და მის შემდეგ, რომელიც დრამატულად განსხვავდება წინამორბედისგან.”

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ეკონომიკური თუ სოციალურ-პოლიტიკური შედეგები, მისი გავლენის მასშტაბი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებზე, ჯერ კიდევ უცნობია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ-19-ის გავრცელება, ჩერნობილის მსგავსად, მმართველი პარტიისთვის გარდამტეხი მომენტი იქნება. ჩინური ავტორიტარიზმისთვის იარსებებს ეპოქა ვუხანის ვირუსამდე და მის შემდეგ. ზემოთქმულიდან გამომდინარე  ისტორიული ანალოგია თითქოს აშკარაა, თუმცა მაინც რამდენად სწორია სსრკ-სა და ჩინეთს, ჩერნობილსა და კორონავირუსს შორის პარალელების გავლება?

80-იან წლებში საბჭოთა კავშირი უკვე მომაკვდავი პოლიტიკური ერთეული იყო, სისტემის არაეფექტურობას თავად მმართველ პარტიაშიც იაზრებდნენ. ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე წლით ადრე გაზის ფასის დაცემა დაიწყო, ნავთობი 1980 წლიდან 1986 წლამდე 5-6-ჯერ გაუფასურდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 1 პროცენტს არ აღემატებოდა. 

საბჭოთა კავშირის კრახი ჩერნობილის კატასტროფის გარეშეც გარდაუვალი იყო. ამ შემთხვევაში, ტრაგედია შეგვიძლია შევადაროთ პირველი მსოფლიო ომის დაწყებას ფრანც ფერდინანდის მიმართ გასროლით, რომელიც “გაზით სავსე ოთახში ნაპერწკლის გავარდნა” უფრო იყო, ვიდრე ომის უშუალო მიზეზი. ორივე შემთხვევაში კონკრეტული მოვლენა კატალიზატორის როლს ასრულებს, რომელმაც ლოგიკური დასასრული მხოლოდ დააჩქარა.

2020 წლის ჩინეთი 1986 წლის საბჭოთა კავშირისგან განსხვავდება. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა თუ ჩაკეტილი იყო, ჩინეთი მთლიანად ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში. აღსანიშნავია ტექნოლოგიური მიღწევებიც, ხელმისაწვდომი 5-ჯი ტექნოლოგია, უსწრაფესი სამგზავრო მატარებლები და სხვა. 

სოციალიზმი ჩინური თავისებურებებით საბაზრო ეკონომიკის გარკვეული ელემენტების კომპარტიის მიერ სტრატეგიული დარგების მკაცრ კონტროლთან შეხამებას გულისხმობს. ჩინეთის მთავრობამ განახორციელა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვის რეფორმა პოლიტიკური ლიბერალიზაციის გარეშე. 

მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით ჩინეთის მშპ 6.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2019 წელს, აშშ-ის მკაცრი პოლიტიკისა და დაწესებული ტარიფების მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ ჩინეთის მშპ-ის ზრდა 6.1%-ს შეადგენს. საინტერესოა კორონავირუსის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. Oxford Economics-ის აზიის ეკონომიკის სპეციალისტის, ლუის კუჯისის თქმით, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წელს “პრაქტიკულად არ გაიზრდება”.  

ფოტო: Foreign Policy

როგორც მაღლა ვახსენე, ჩინეთისა და სსრკ-ის ეკონომიკური პოლიტიკა, ისევე როგორც კატასტროფამდელი მდგომარეობა, ძალიან განსხვავდება. მთავარი პარალელი პოლიტიკურია. საბჭოთა კავშირის მსგავსად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ადამიანის უფლებები და სიცოცხლე პრიორიტეტად არ აქცია. სსრკ ჩერნობილის კატასტროფის დამალვას ცდილობდა მანამ, სანამ რადიაციამ შვედეთს, ფინეთსა და ნორვეგიას მიაღწია. ადამიანების ევაკუაცია 36 საათით დააგვიანეს. ანალოგიურად, საწყის ეტაპზე ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობის გაფრთხილების ნაცვლად ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავდა. მმართველმა პარტიამ ვირუსის არსებობა დიდი ალბათობით ნოემბრიდან იცოდა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ 31 დეკემბერს გააფრთხილეს, ეფექტური ნაბიჯების გადადგმა კი 20 იანვარს დაიწყეს. British University of Southhampton-ის კვლევის მიხედვით, თუკი ჩინეთის ცენტრალური მთავრობა 20 იანვრის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაატარებდა საჭირო ზომებს, კოვიდ-19-ის 66%-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდებოდა. 2 კვირით ადრე - 86%, 3 კვირით ადრე კი - 95%.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ვერსიებს, ყველაზე პოპულარული სამი მათგანია. ნაკლებად დამაჯერებელი თეორიაა კორონავირუსის ვუხანის ერთ-ერთ ლაბორატორიაში შექმნილ ბიოლოგიურ იარაღად მიჩნევა. მეტად სავარაუდოა ვირუსის ვუხანის ბაზრიდან გავრცელების ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წყაროს მიხედვით, ე.წ “სველ ბაზარში” (ზღვის პროდუქტების ბაზარი ვუხანში, საიდანაც, თავდაპირველი ვერსიით, კორონავირუსი გავრცელდა) ღამურის ხორცი არ იყიდებოდა, მაინც ვარაუდობენ, რომ გასაყიდად გამოტანილ ცხოველებს კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ღამურებთან და წარმოადგენდნენ შუამავალ რგოლს ღამურასა და ადამიანს შორის. ამ ვერსიას ჯერჯერობით ვერც ერთი სამედიცინო კვლევა ვერ ამყარებს.

ფოტო: guim.co.uk

მესამე თეორია კი კორონავირუსის ლაბორატორიული შეცდომის შედეგად გავრცელებას გულისხმობს. საქმე ისაა, რომ ვუხანშია როგორც  ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ფილიალი, ისე ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.  ორივე მათგანი აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს იმაზე, თუ როგორ აგროვებდნენ კორონავირუსის ნიმუშებს საკვლევად. რიჩარდ იბრაითი, ამერიკელი მიკრობიოლოგი ამბობს, რომ ვუხანში კორონავირუსზე ცდები “მეორე დონის ბიოუსაფრთხოებით” ტარდებოდა, რაც მხოლოდ მინიმალურ თავდაცვით ზომებს გულისხმობს. იბრაიტი ასევე აღნიშნავს, რომ დეკემბერში ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ვუხანის ფილიალმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აგროვებენ ლაბორატორიის თანამშრომლები ღამურის კორონავირუსს ყოველგვარი ეკიპირებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე. რაც შეეხება ჩინელი მეცნიერების მოსაზრებებს, Researchgate-ზე თებერვალში გამოქვეყნდა გუანჭოუს სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრების, პოთაო სიაოსა და ლეი სიაოს სტატია, რომელიც, ასევე ამტკიცებდა ვირუსის ლაბორატორიიდან გასვლის ვერსიას. საინტერესოა, რომ თებერვლის ბოლოს თავად ავტორებმა საიტიდან კვლევა აიღეს.

ფოტო: cdn2.newsok.biz

არაერთი საინტერესო დამთხვევა უკავშირდება ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს. 2019 წლის 18 ნოემბერს საიტზე გამოაქვეყნეს ვაკანსია, რომლის მიხედვითაც ეძებდნენ მეცნიერთა ჯგუფს ლაბორატორიაში კორონავირუსსა და ღამურებს შორის კავშირს გამოსავლენად. 24 დეკემბერს ისევ დადეს ვაკანსია. ამჯერად აცხადებდნენ, რომ ღამურებში აღმოჩენილი და იდენტიფიცირებული იყო რამდენიმე სახის ახალი ვირუსი, რომელთა გამოსაკვლევად მკვლევართა ჯგუფი სჭირდებოდათ. მალევე, 31 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი “მისტიკური პნევმონიის” - ანუ ვუხანის ვირუსის შესახებ გააფრთხილა.

ასევე გავრცელდა ხმები ხუან იენლინზე, რომელიც სავარაუდოდ ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და რომელსაც ბევრი პირველ დაინფიცირებულად მიიჩნევს. ინსტიტუტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხუანმა სწავლა 2015 წელს დაამთავრა, მას შემდეგ პროვინცია საერთოდ დატოვა და რომ ახლა ცოცხალი და ჯანმრთელია. განცხადებას მალევე მოჰყვა ინსტიტუტის საიტიდან ხუანის სურათებისა და კვლევების წაშლა. როგორც ჰონგ - კონგელი ჟურნალისტი, ჭენ შუძი ამბობს, თავდაპირველად ჩინური მედია და ხელისუფლება საერთოდ უარყოფდა მსგავსი პიროვნების არსებობას. იმის შემდეგ, რაც საზოგადოება მის არსებობაში დარწმუნდა, სხვა სახის ტყუილის მოფიქრება გახდა საჭირო.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ვირუსის გავრცელების შესაძლო მიზეზებსა და პირველწყაროზე, ზუსტი დასკვნების გამოტანა ამ ეტაპზე შეუძლებელია. უფრო საინტერესო თემაა ის, თუ როდის გაიგო ჩინეთის მთავრობამ ახალი ვირუსის არსებობის შესახებ და დააგვიანა თუ არა რეაგირება. თუ ასეა, რა მიზეზებითა და მიზნებით? 

South China Morning Post-მა (ჰონგ-კონგური გამოცემა), ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოიპოვა ხუპეის (პროვინცია, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ვუხანია) მთავრობის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ ვუხანში პირველად ახალი ვირუსის შემთხვევა 2019 წლის 17 ნოემბერს დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, პირველი ნაბიჯი, რომელიც კორონავირუსთან საბრძოლველად გადაიდგა, 31 დეკემბერს ქალაქის მთავარი ბაზრის დახურვა იყო. ადგილობრივმა მთავრობამ იქამდე არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები, სანამ ცენტრალურმა მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის შესახებ არ შეატყობინა

რაც შეეხება უშუალოდ ცენტრალური მთავრობის რეაგირებას: 20 იანვარს პრეზიდენტმა სი ძინფინმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ვუხანის ვირუსის გავრცელების საკითხს ქვეყნის მასშტაბით სერიოზულად მიდგომოდნენ. 23 იანვარს ხუპეის პროვინცია ჩაიკეტა. მიუხედავად ამისა, 29 იანვრისთვის ვირუსი უკვე მთელ ჩინეთში იყო გავრცელებული. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პერიოდი ჩინურ ახალ წელს დაემთხვა. ამ დროს ჩინელები მთელი მსოფლიოდან მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებში ბრუნდებიან. ბუნებრივია, რომ ამან ვირუსის ჩინეთის გარეთ გავრცელება დააჩქარა. 

რატომ დააგვიანა ჩინურმა მხარემ რეაგირება? პირველ რიგში, ჩერნობილის კატასტროფის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ჩნდება განცდა, რომ მთავრობა ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა მანამ, სანამ ამისი ძალა შესწევდა. გარდა ამისა, საქმე გვაქვს კომუნისტურ ბიუროკრატიასთან. ვუხანის მერმა ჯერ პროვინციის ოფიციალურ პირებს გაუგზავნა ვირუსის შესახებ ინფორმაცია, ხოლო პროვინციამ ცენტრალურ მთავრობამდე მიიტანა ამბავი. თავდაპირველად, დიდი ალბათობით პეკინმა ვუხანიდან მიღებულ შეტყობინებას ყურადღება არ მაიქცია, ადგილობრივი პოლიტიკოსები კი ცენტრალური მთავრობის დავალების გარეშე ვერაფერს იმოქმედებდნენ.

ფოტო: e3.365dm.com

სწრაფი რეაგირების ნაცვლად, ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა იმ ადამიანის დევნა დაიწყო, რომელიც მოსახლეობის გაფრთხილებას შეეცადა. მათ შორის იყო ექიმი ლი ვენლიანი. მას ხელი მოაწერინეს აღიარებაზე, რომ დეზინფორმაციასა და ჭორებს ავრცელებდა. მოგვიანებით ლი კორონავირუსმა იმსხვერპლა. აქ პარალელი შეგვიძლია გავავლოთ სსრკ-ის მეთოდებთან. საბჭოთა დიქტატურა დევნიდა ყველას, ვისაც ჩერნობილზე ინფორმაციის გატანა სურდა.

აქვე დავამატებ, რომ 14 მარტს დაიკარგა ჟენ ჭიციენი, პოპულარული ჩინელი ბლოგერი, რომელიც ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებდა, პრეზიდენტ სი ძინფინს კი ძალაუფლებისგან შეშლილ კლოუნს უწოდებდა. სამწუხაროდ, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაქრობა ავტორიტარული რეჟიმების ნაცადი და ეფექტური პრაქტიკაა. თუმცა, მიუხედავად მსგავსი ზომებისა და ჩინური პროპაგანდის მანქანის დაუღალავი შრომისა, ჩინურ ინტერნეტ საიტებზე მაინც გაჩნდა საზოგადოებრივი პროტესტის ნიშნები. 

მივუბრუნდეთ ცენტრალური მთავრობის დაგვიანებული რეაქციის მიზეზებს. რატომ არ შეზღუდა ჩინურ ახალ წელს მთავრობამ მოსახლეობის გადაადგილება? პასუხი მარტივია: სის და მის გუნდს რეიტინგის დაცემისა და მოსახლეობის უმრავლესობაში უკმაყოფილების გამოწვევის ეშინოდათ. საქმე ისაა, რომ 2019 წელს სი ძინფინს 4 კრიზისთან, ე.წ 4 ბომბთან გამკლავება მოუწია. პირველი მათგანია ეკონომიკური ზრდის შენელება, რომელიც თავისთავად მეორე “ბომბით” - აშშ-სთან სავაჭრო ომით იყო განპირობებული. მესამე კრიზისი ჰონგ-კონგს, მეოთხე კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის შიდა დაპირისპირებებს უკავშირდება. ამას ემატება დასავლეთის კრიტიკა სინძიანის მოვლენებთან მიმართებით. ყოველივე ზემოთქმულმა სი ძინფინის ძალაუფლებას იმაზე სერიოზული საფრთხე შეუქმნა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამის გამო, კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლას პრეზიდენტმა მოსახლეობის უკმაყოფილების თავიდან აცილება არჩია.

საბჭოთა კავშირსა და ჩერნობილის ტრაგედიასთან კიდევ ერთი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ. ამჯერად საუბარია კატასტროფის მასშტაბის დამალვაზე. ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, დაინფიცირებული სულ 82 ათასი, ხოლო გარდაცვლილი 3.3 ათასი ადამიანია. ოფიციალურ ვერსიას სკეპტიკურად უყურებენ ჩინეთშიც. პოპულარული ჩინური გამოცემის, ცაისინის თანახმად, ვუხანში მდებარე ერთ-ერთ სარიტუალო სახლს მხოლოდ 2 დღეში 5 ათასი გვამის კრემაცია მოუწია. ცაისინის მტკიცებით, ვუხანის მცხოვრებლები ურნების გამოსატანად სულ ცოტა 6 საათი იდგნენ რიგში. The Epoch Times-ის მიხედვით, მთავრობა დაინფიცირებულთა სტატისტიკას აყალბებს და სულ ცოტა რამდენიმე ათეულჯერ ამცირებს. სხვა გამოცემების მიხედვით, რეალური რიცხვი 5-10-ჯერ მეტია. 

ფოტო: NYT

დაინფიცირებულთა რიცხვის გარდა, ჩინეთის მთავრობა კოვიდ-19-ის წარმომავლობის დამალვასაც სცდილობს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ნებისმიერი კვლევა კორონავირუსის შესახებ, გამოქვეყნებამდე მკაცრ კონტროლს გაივლის. შეუძლებელია, ზემოთქმულმა საბჭოთა ცენზურა არ გაგვახსენოს. ეჭვგარეშეა, ჩინეთის ხელისუფლების მიზანი სიმართლის დამალვა, ნარატივის კონტროლი და პასუხისმგებლობის არიდებაა. 

კორონავირუსის მსგავსი კრიზისის გამკლავებას სჭირდება პოლიტიკური, ეკონომიკური და პირადი მსხვერპლი, რომლის გაღებაც სის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, არ შეუძლია. რაც შეეხება ეკონომიკურ კეთილდღეობას, პანდემიის გავრცელება ამ უკანასკნელსაც საფრთხეს უქმნის. ჩინეთის მთავრობას ლეგიტიმაციის საფუძველი ხელიდან ეცლება.

არსებითად არასწორია ვუხანის ვირუსის გავრცელებაზე სი ძინფინის რეაგირება. დასავლურ დემოკრატიებს თუ შევადარებთ, 2011 წლის მარტში ფუკუშიმას კატასტროფის მეორე დღესვე პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა ვერტრმფრენით ატომურ რეაქტორს გადაუფრინა.  ჯორჯ ბუშიც მალევე მივიდა 9/11-ის შემდეგ ტყუპების ნანგრევებთან. სი ძინფინმა, ისევე როგორც გორბაჩოვმა 1986 წელს, თითქმის 1 თვით დააგვიანა. სი ძინფინი მაქსიმალურად ცდილობდა დისტანცირებას, ერიდებოდა ვირუსზე ყურადღების გამახვილებას, ცხელი წერტილის მონახულებას. 

მართალია, ჩინეთის მთავრობისთვის ვირუსის გავრცელება მოულოდნელი იყო, მაგრამ სიტუაციის ნელი და არასწორი შეფასება, კრიზისულ სიტუაციაში არაკომპეტენტურობის გამოვლენაა და უპატიებელია. მითი ჩინეთის ავტორიტარული მოდელის სიმყარესა და სიძლიერეზე დაიმსხვრა. აშკარაა, რომ კატასტროფასთან გამკლავება მთავრობას არ ძალუძს.

ჩერნობილი, 9/11, ფუკუშიმას კატასტროფა სახელმწიფოებისა და მთავრობებისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. ასევე იქნება კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც. ისტორიული მსგავსებები, ისევე როგორც განსხვავებები, სახეზეა. ფაქტია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები მსგავს კატასტროფებს უკეთ უმკლავდებიან, ამას რეჟიმის მოქნილობა, გამჭვირვალობა და ღიაობა უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ავტორიტარულ სისტემებს, კრიზისის გადაჭრის თითოეულ ეტაპზე ძალაუფლების ლეგიტიმურობის საკითხი პრობლემური თემაა. ამიტომ, ავტორიტარული რეჟიმის ინსტინქტია, მოიტყუოს, დამალოს, შეზღუდოს - რათა თავი გადაირჩინოს. ზემოთქმული სტრატეგია, სსრკ-ის მაგალითზე არაეფექტური და საბედისწერო იყო. მალე დავინახავთ, რა შედეგებს მოუტანს მსგავსი ქმედება ჩინურ მოდელს. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ნათლად გამოჩნდეს, რომ ვუხანის ვირუსი სი ძინფინისა და მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი - ჩინეთის “ჩერნობილი” აღმოჩნდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები