ახალი კორონავირუსი საქართველოში

მანქანით გადაადგილებას მგალობლები და სტიქაროსნებიც შეძლებენ

რადიო თავისუფლება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, მთავრობასთან შეთანხმდა, რომ სასულიერო პირებთან ერთად, გადაადგილების უფლება სტიქაროსნებს და მგალობლებსაც ექნებათ.

სტიქაროსნები და მგალობლები სასულიერო პირები არ არიან, შესაბამისად, საპატრიარქოს და მთავრობის ეს შეთანხმება ტოვებს საშუალებას, მანქანით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მრევლის ნაწილზეც გავრცელდეს.

"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორ გააკონტროლებს საქართველოს ხელისფლება სტიქაროსნების და მგალობლების გადაადგილების უფლებას მკაცრი რეჟიმის პირობებში - ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციისგან პასუხს ელოდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. 17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. 22-23 აპრილს კი პარლამენტი მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ მსჯელობას გეგმავს. მოქმედებს კომენდანტის საათი. ჩაკეტილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მარნეულსა და ბოლნისში, ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო ზომებია გამოცხადებული. დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. არ მუშაობს კაფე-რესტორნები და სასტუმროები, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. დაიხურა აგრარული ბაზრები. ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეზღუდვებს არ ემორჩილება. წირვა-ლოცვები მრევლის თანდასწრებით ტარდება, ასევე, ძალაშია ერთი კოვზით ზიარების წესიც.

ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც სხვა აქამდე ცნობილ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. მსოფლიოში მისით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 530 ათას ადამიანზე მეტი. Covid 19 პანდემიად არის გამოცხადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის არის სასულიერო პირიც.

კომენტარები