ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა

ჟაირ ბოლსონარო და ლუის ენრიკე მანდეტა
Getty Images

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად მან კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება დაასახელა. ბოლსონარომ მანდეტა საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებდა.

ბოლსონარო ამ ზომებს არ ეთანხმება და ვირუსს "პატარა გრიპს" უწოდებს. გასულ კვირას მანდეტამ სატელევიზიო ინტერვიუში მთავრობას ვირუსთან ბრძოლაში ერთიანი მიდგომის შემუშავებისაკენ მოუწოდა და ბოლსონაროს პოზიცია გააკრიტიკა.

მინისტრის გათავისუფლების შემდეგ ბოლსონარომ კვლავ მოუწოდა შტატებს, მოხსნან შეზღუდვები, რადგან ისინი ეკონომიკას აზარალებენ.

მანდეტას გათავისუფლებას ბრაზილიელების პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეებმა, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, სახლების აივნებზე პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილება მეტალის ჭურჭელზე დარტყმით გამოხატეს.

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსი სულ 30,891 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 1,952, გამოჯანმრთელდა 14,026.

კომენტარები