ჩინეთი

1976 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის მშპ 6,8%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post, ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს. ჩინეთის ეკონომიკა 1976 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდებოდა, ეს 44 წლის განმავლობაში კლების პირველი შემთხვევაა. 

ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების მიუხედავად, ეკონომიკური სტაგნაცია მარტშიც გაგრძელდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ინდუსტრიული სექტორი, რეკორდულად შემცირდა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში და საცალო ვაჭრობა. 

ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-თებერვალთან შედარებით მარტში უმუშევრობა 5,9%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მონაცემები არ არის სრული, რადგან არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და შეზღუდვების გამო სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ. 

თებერვლის ბოლო კვირაში საინვესტიციო ფონდი Pacific Investment Management პირველ კვარტალში 6%-იან ეკონომიკურ კლებას პროგნოზირებდა. ანალიტიკოსების აზრით, პირველი კვარტლის კლების შედეგად წლიური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი 6%-იდან 3%-მდე დაეცემოდა. 

კიდევ უფრო პესიმისტური პროგნოზი შეადგინა მსოფლიო სავალუტო ფონდმა. ფონდის ვარაუდით მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონუმიკური ზრდა 1,2%-მდე დაეცემა. 

მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ვარდნა აისახება დანარჩენ მსოფლიოზეც, რადგანაც გლობალურ მშპ-ში ჩინეთის წილი 15%-ს აღემატება.

ახალი კორონავირუსის პირველწყარო სწორედ ჩინეთია. ვირუსის პირველი შემთხვევები ჩინეთში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის დაავადების 83,760 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4,636 პაციენტი.

კომენტარები