კორონავირუსი საქართველოში

შემოსავლების სამსახურმა 23 მარტიდან დღემდე 152 კომპანია ჯამში 1 137 000 ლარით დააჯარიმა

0 კომენტარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 23 მარტიდან დღემდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 152 კომპანია დაჯარიმდა. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ჯარიმების საერთო რაოდენობა 1 137 000 ლარია. დარღვევის 83 შემთხვევა თბილისში აღირიცხა, 69 კი - სხვადასხვა რეგიონში. 

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, როგორც სოციალური დისტანციის დაცვის დაუცველობის გამო, ასევე პირბადისა და ხელთათმანების გარეშე მუშაობისთვის. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან, როგორც დიდი ჰიპერმარკეტები, ასევე მცირე და საშუალო ზომის მარკეტები. სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შედგენილ იქნა 3 ბაზრის მომწყობი ორგანიზაციის მიმართ," - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 30 მარტს ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საკვებისა და ფარმაცევტული ნაწარმის გარდა, ყველა სახის ონლაინ-ვაჭრობა აიკრძალა. მოგვიანებით, 2 აპრილის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და ნებადართული გახდა ეკონომიკური საქმიანობა, რომლის დროსაც სამუშაო ადგილზე 5 ადამიანზე მეტი არ იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ერთი მხრივ, იმ მეწარმე სუბიექტებს აკონტროლებენ, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, მათ, ვისაც ეს უფლება აქვთ, თუმცა თავიანთი საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით უნდა შეასრულონ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის 370 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი - გარდაიცვალა. მათ გარდა საქართველოს კლინიკაში კიდევ 3 ინფიცირებული მკურნალობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა ვირუსი უცხო ქვეყანაში დაუდასტურდათ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები