რუსული ოკუპაცია

აშშ-ის საელჩო: ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებას, ამწვავებს დაძაბულობას

radiotavisupleba.ge

აშშ-ის საელჩო საქართველოში რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება.

"ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით, აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე", - ვკითხულობთ გავცელებულ განცხადებაში. 

საელჩო მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩეროს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა. 

"რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო "ბორდერიზაციის" განმტკიცებასა თუ გაფართოებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე  არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში. 

დღეს, 17 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

კომენტარები