კორონავირუსი საქართველოში

მეუფე მელქისედეკი მრევლს სახლში დარჩენას სთხოვს, მაგრამ მათთვის ტაძრებს არ ხურავს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ღმერთის უარყოფა არ არის. თუმცა, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე მრევლისთვის ტაძრებს არ ხურავს.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია", - წერს მეუფე მელქისედეკი.

მეუფე მელქისედეკი მრევლს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ პირად მოძღვარს, რათა მათ მითითებები მისცენ, თუ როგორ ეზიარონ ბრწყინვალე შვიდეულის დროს ისე, რომ, მისივე თქმით, საფრთხე არ შეუქმნან არც საკუთარ და არც სხვების სიცოცხლეს.

"გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!" - წერს მელქისედეკ ხაჩიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა, საქართველოს საპატრიარქო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღარვლენს. ასევე, არ იცვლება ზიარების წესიც - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრებიან. ისინი ტაძარში 21:00 საათამდე მივლენ და 06:00 საათამდე დარჩებიან. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები