ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა, მათგან 3 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

იმედი

აჭარაშ ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, 1 - თურქეთიდან შემოვიდა. ოთხოვე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ოთხივე პაციენტი ზრდასრულია. მათი მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქია. ისინი ბათუმში, კლინიკა მედლაფაში არიან გადაყვანილები.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსი ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 33 მოქალაქეს დაუდასტურდა.

გამოვლენილია მათი 465 კონტაქტი, რომელთაგან 200-ზე მეტს ტესტირება უკვე ჩაუტარდა. მელადფაში სულ 41 პაციენტი მკურნალობს.

"ორი [პაციენტის მდგომარეობა] რჩება სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არ არის მძიმე. ჯერჯერობით ქობულეთის ტერიტორიაზე არ გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომლებიც აქამდე ცნობილი არეალიდან არ არიან. ამის გამოსავლენად ქობულეთში მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და უკვე 11 100-ზე მეტი პირია შემოწმებული. თერმოსკრინინგი გრძელდება“, - თქვა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა მომდევნო კვირა აჭარაში კრიტიკული იყოს, მაგრამ თუ მოქალაქეები საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და ქუჩაში ნაკლებად გავლენ, ზრდის ტემპი და სამედიცინო პერსონალის დატვირთვა ნაკლები იქნება, რაც ვითარებას გააუმჯობესებს.

"არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ჩვენ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზადოს, ვინაიდან ქვეყნის დინამიკას მივყვებით, მაგრამ თუკი ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ეს ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და სამედიცინო პერსონალზე დაწოლა იქნება მართვადი. შესაძლოა, შემდგომი კვირა გვქონდეს კრიტიკული. ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე, თუკი დავემორჩილებით წესებს, ჩვენ შეგვიძლია მართვადი სიტუაცია შევინარჩუნოთ ჩვენს რეგიონში“, - თქვა მან.

ე.წ ქობულეთის კლასტერი უკავშირდება 55 წლამდე ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთში, სოფელ გვარაში, სტუმრად ოჯახთან იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასწრაფომ ბათუმში, სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ. 5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. პაციენტი ამჯერად კლინიკა მედინაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირება ივარაუდეს. ქალს ნიმუში აუღეს, მას ვირუსი დაუდასტურდა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 84 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები