კორონავირუსი ირანში

ირანში კორონავირუსის გამო 100 ათასი პატიმარი კიდევ ერთი თვე იქნება თავისუფალი

https://www.france24.com/

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ციხეებიდან დროებით გათავისუფლებული პატიმრები კიდევ ერთი თვის განმავლობაში იქნებიან გარეთ.

COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად ირანში პატიმრების გათავისუფლება თებერვლის ბოლოდან დაიწყო და დღემდე დაახლოებით 100 ათასმა პატიმარმა დატოვა ციხე დროებით.

"პატიმრები, ვინც საზოგადოებას საფრთხეს არ უქმნიან, 20 მაისამდე იქნებიან გარეთ" - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ მეჩეთები და სალოცავები მინიმუმ 4 მაისამდე არ გაიღება, რამადანის თვის შეკრებებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას შემდეგ კვირაში მიიღებენ.

ირანში უკვე გაიღო მაღაზიები, ქარხნები და სახელოსნოები, თუმცა სკოლები და უნივერსიტეტები, ისევე, როგორც თეატრები, სილამაზის სალონები, სპორტდარბაზები და საუნები განუსაზღვრელი ვადითაა დაკეტილი.

ბოლო მონაცემებით ირანში ახალი კორონავირუსის 80 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო თითქმის 56 ათასი გამოჯანმრთელდა. აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული ირანში ვირუსის გავრცელების ტენდენცია იკლებს.

კომენტარები