საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

პოლიციამ გასულ ღამეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 ადამიანი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის დარღვევის 139 შემთხვევა გამოავლინა.

შსს-ს თანახმად, პოლიციამ 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის დილის 6 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევისთვის 85 ადამიანი დააჯარიმა.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი ადამიანის შეკრებისა და ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა ბოლო 24 საათში.

"სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 35 პირი დააჯარიმეს," - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობით და კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარიან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები